გედევან ფოფხაძე: ჩვენი საერთო სტანდარტი ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ადამიანებისთვის შანსი მიგვეცა

ჩვენ ორიენტირებულები ვიყავით იმაზე, რომ ადამიანებისთვის შანსი მიგვეცა, რათა მათ საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე ეკეთებინათ, – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „მაესტროს“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს შალვა აბულაძე. როგორც ფოფხაძემ განაცხადა, ამნისტიის მიზანსა და შინაარსს – დაუბრუნოს ადამიანები საზოგადოებას და მოხდეს მათი რეაბილიტაცია სოციუმთან, ვერ შეცვლის ცალკეული დანაშაულებრივი ქმედებები იმ პატიმრებისა, რომლებმაც ბოროტად ან არ გამოიყენეს სახელმწიფოს მიერ მიცემული შანსი.
გედი ფოფხაძეს მიაჩნია, რომ შეწყალებული დამნაშავეების განმეორებითი დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა გახდეს პატიმრების სტიგმატიზაციის მიზეზი და ამით არ უნდა დაიჩაგროს სხვა პატიმარი.
დეპუტატი სამშობლოსთვის დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს უსამძიმრებს და დასძენს, რომ მიუხედავად მომხდარისა, მთავრობის ფასეულობათა სისტემა პატიმრების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, არ შეიცვლება.
„მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთო სტანდარტი ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ადამიანებისთვის შანსი მიგვეცა, რათა მათ თავიანთი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სიკეთე ეკეთებინათ. თუ ამ შანსს ვინმე ბოროტად ან საერთოდ არ გამოიყენებს, ეს არაა არგუმენტი იმისა, რომ ამ შანსს არ იმსახურებს სხვა ადამიანი, ასე რომ, არ ვარ მომხრე იმისა, რომ ამით პატიმრების სტიგმატიზაცია მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხები ჩვენს მთავრობას, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და მიმაჩნია, რომ ის ნამდვილად სამშობლოსთვის დაიღუპა. ასე, რომ თუ ვინმე საზოგადოებას ვერ შეერწყმება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით სხვა პატიმრებიც უნდა დაისაჯონ, ჩვენ უნდა გვქონდეს ფასეულობათა სისტემა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შალვა აბულაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის 23 ნოემბერს დატოვა. 2015 წლის იანვარში მან ბორჯომში ორი პოლიციელი დაჭრა, რომელთაგან ერთი, გიორგი ბერუაშვილი გარდაიცვალა. 4 აპრილს კიდევ ორი პოლიციელი დაჭრა, მათგან ერთი, ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა. აბულაძეზე ძებნაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები