ექსკლუზივი: ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის და “კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს

ორი სამართალდამცველის მკვლელობაში ბრალდებული პირის – შალვა აბულაძის და, სალომე აბულაძე “კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. სალომე აბულაძე მკაცრად გმობს ძმის ქმედებას და აცხადებს, რომ ისიც და მისი მშობლებიც მომხდარს ემიჯნებიან.
სალომე აბულაძე აცხადებს, რომ უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში ძმასთან არც მას და არც ოჯახის დანარჩენ წევრებს კონტაქტი არ ჰქონიათ. მისი თქმით, ამის მიზეზი კონფლიქტია, რომელიც შალვა აბულაძეს ოჯახის წევრებთან ჰქონდა. ეჭვმიტანილის და ამბობს, რომ მანამდე შალვა აბულაძე მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული და დაახლოებით რვა წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. სალომე აბულაძე, რომელიც პროფესიით ადვოკატია, აცხადებს, რომ მაშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძმის მოსანახულებლად ხშირად შედიოდა. სალომე აბულაძის თქმით, მისი ძმა საპატიმროში ეკლესიურად ცხოვრობდა, მარხულობდა და აღსარებასაც აბარებდა მოძღვარს.
“მეც და ჩემი ოჯახიც სრულიად ვემიჯნებით მის ქმედებას. ძალიან მტკივა გული, შოკირებული ვარ და საოცრად განვიცდი ამ ყველაფერს, როგორ შეიძლება გაამართლო მისი ქმედება?! მანამდე ნასამართლევი იყო მკვლელობის მცდელობისთვის, თითქმის რვა წელი იმყოფებოდა ციხეში. იმ პერიოდში ძალიან ხშირად ვნახულობდი, მშვიდად იყო, მარხულობდა, ლოცულობდა და ქრისტიანულად ცხოვრობდა. შოკირებულები ვართ, რა მოხდა მის ცნობიერებაში. ბოლო ცხრა თვეა არც მე და არც მშობლებს კონტაქტი არ გვქონია, მას ჩვენთან კონფლიქტი ჰქონდა და მიზეზი ეს იყო, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სამართალდამცველებს ვენდობი  – განუცხადა “კვირას“ სალომე აბულაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა აბულაძის ფოტოს აქვეყნებს და აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინონ სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე, უწყება საზოგადოებას სთხოვს, თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დარეკონ „ცხელი ხაზზე“ (2 405222), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილთან”, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

შალვა აბულაძე 2015 წლის 23 იანვარს, ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წლის 05 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, ეს უკანასკნელი შემჩნეულ იქნა თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები