ახალი სასწაული: თბილისში, საეკლესიო მაღაზიაში მამა გაბრიელის ხატს მირონი სდის (ფოტო, ვიდეო)
სამგორში საეკლესიო მაღაზიასთან რიგები დგას, თუმცა მიზეზი არა საეკლესიო ნივთები, არამედ ის არის, რომ მამა გაბრიელის მომცრო ზომის ხატს მირონი სდის. მლოცველების მისვლა მაღაზიაში არ წყდება, ისინი მუხლმოდრეკილი ლოცულობენ და მამა გაბრიელს თავს ავედრებენ.
მაღაზიის მეპატრონე ნარგიზ ხანთაძე ამბობს, რომ მირონდენა მისთვის დიდი სასწაულია. თავდაპირველად ეშინოდა, თუმცა ახლა ბედნიერია, რომ ეს ხატი სწორედ მასთან მოხვდა. “ეს ბეჭდური ხატია, ის ჩემმა დისტრიბუტორმა, ქალბატონმა ლელამ მომიტანა. თავიდან წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. თუმცა, როდესაც ლელამ ეს ხატი მიბოძა, მითხრა, რომ ნახავ, თუ შენს ცხოვრებაში კარგი რამ არ მოხდებაო, ჰოდა, მოხდა კიდეც. ის, რომ ეს ხატი ახლა აქ არის, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. მირონმდინარი ხატი თავდაპირველად ჩემმა სიძემ შეამჩნია. პირველად ვიფიქრე, რომ მომეჩვენა, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ ხატს მირონი ნამდვილად სდიოდა. ამის შემდეგ ხატი გადმოვაბრძანეთ. მოდიან ადამიანები და ლოცულობენ. ისე, ერთ შემთხვევას აღვნიშნავდი. უსინათლო ბიჭი მოდის, რომელიც მიწისქვეშა გადასასველელბში თავს სიმღერით ირჩენს. მოდის და გულმხურვალედ ლოცულობს, ღმერთო, თვალები ამიხილეო, ღმერთმა ქნას, რომ ასე მოხდეს”, – ამბობს ნარგიზი.
მისივე თქმით, საეკლესიო მაღაზიის გამყიდველი გეგმავს, რომ ინფორმაცია მირონმდინარე ხატის შესახებ საპატრიარქოსაც ამცნოს, რადგანაც სურს, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც საჭიროა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “კვირა” საპატრიარქოსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს ნამდვილად სდის თუ არა ხატს მირონი საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება.
ნინი ჯაფარიძე