გეჯაძე: კაბელების საქმის ექსპერტმა ხელშეკრულება შეწყვიტა და საჯარო სამსახურში გადავიდა

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომლის თანამშრომელიც ავთანდილ გუნთიაშვილია, კატეგორიულად უარყოფს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც „კვირას“ ალექსანდრე გეჯაძემ განუცხადა, ექსპერტი ავთანდილ გუნთიაშვილი სამუშაოდ საჯარო სამსახურში გადავიდა, ხოლო ე.წ. კაბელების საქმეს ჩამოშორდა.
„ექსპერტი ავთანდილ გუნთიაშვილი, ჩემთან მუშაობდა. დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ იგი საჯარო სამსახურში სამუშაოდ გადავიდა. დღეს დამიწერა განცხადება, რომ საჯარო სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით ექსპერტიზას ხელს ვერ მოაწერდა და ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.
ამასთან, დამოუკიდებელმა ექსპერტმა „კვირასთან“ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე, თითქოსდა ექსპერტი გუნთიაშვილი პროკურატურამ “გაიტაცა“ და მასზე ზეწოლას ახორციელებს.
„მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ექსპერტი ავთანდილ გუნთიაშვილი გაიტაცეს, სხვა წყაროებით მოიძიეთ, ტყუილს ხომ არ ვიტყვი?! ავთანდილ გუნთიაშვილი და კიდევ ერთი ექსპერტი 2014 წლის დეკემბრიდან ე.წ. კაბელების საქმეზე ერთად მუშაობდნენ. თუმცა, დღეს ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არ მაქვს მე ასეთი ინფორმაცია, რომ ექსპერტი პროკურატურამ მოიტაცა და არ მგონია, რომ ეს ასე იყოს“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის, ავთანდილ გუნთაიშვილის “გატაცებასა” და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც ალასანიამ ბრიუსელში განაცხადა, ექსპერტი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით საექსპერტო დოკუმენტი შეიმუშავა, დღეს სასამართლოსთვის მის წარდგენაზე უარს აცხადებს.
“გუშინ, სავარაუდოდ, ტელევიზიით ჩემი გამოსვლის შემდეგ პროკურატურამ შეიძლება ითქვას, გაიტაცა ავთანდილ გუნთაიშვილი და სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში. ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა მოვლენებს და, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ექსპერტული დოკუმენტი შექმნა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის ზეწოლის ქვეშ აიძულეს, უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე მან გადადგა ეს ნაბიჯი და მე ამას ასე არ დავტოვებ”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები