ერგნეთში ე.წ. საზღვართან მოსახლეობისთვის სააღდგომოდ, საფლავებზე გასვლის საშუალების მიცემის საკითხს განიხილავენ
დღეს სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი, 53-ე შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული მხარე ე.წ. საზღვართან მცხოვრები მოსახლეობისთვის სააღდგომოდ, საფლავებსა და სალოცავებში გასვლის საშუალების მიცემის საკითხს დააყენებს.
შეხვედრის მონაწილეები ასევე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებზე და წინა შეხვედრაზე დაყენებულ საკითხებს განიხილავენ, პატიმრების და უგზოუკლოდ დაკარგულების შესახებ იმსჯელებენ, ასევე გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე და კოშკა-ქერეს მონაკვეთზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.