“ქალბატონმა პიამ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ხორციელდებოდა” – ვლადიმერ ბოჟაძე
“ვიზიტის გადადება ცუდი პრეცედენტია, რადგან აღმოჩნდა, რომ ქალბატონმა პიამ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რომელიც არამხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ხორციელდებოდა, ევროპარლამენტარების მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოში ვიზიტის გადადებას გამოეხმაურა.
“თავად ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია არ აღმოჩნდა მასთან სალაპარაკოდ მზად, რადგან იცით თქვენ, რომ ეუთოს დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო, რომ ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად უკვე დაგვეწყო მუშაობა იმ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც ჰქონდა ეუთოს. ამისათვის არა მზაობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ოპოზიციისთვის მთავარი არ არის არჩევნები, მთავარია ხელისუფლებაში მოვიდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, სამწუხაროდ, სწორედ არჩევნების გარეშე”, – აღნიშნა ბოჟაძემ.