არქიმანდრიტი ანთიმოზი: ეკლესიიდან წამოვედი, თურმე ეკლესიას ვარცხვენ

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ეკლესიიდან წამოვიდა. გადაწყვეტილების შესახებ მან “კვირასთან“ ისაუბრა. არქიმანდრიტი ანთიმოზი ამბობს, რომ ის პენსიაში გავიდა და ამის შემდეგ ღვთისმსახურებას აღარ აღავლენს. რაც შეეხება მიზეზს, მისი თქმით, ამის მიზეზი 17 მაისის კადრებია.
„წამოვედი ეკლესიიდან და პენსიაში გავედი. ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღე. ის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მე ვიგინები, სატანისტ-ელგებეტისტმა ეთო გავაშელიშვილმა გადაიღო და ჩუმად ატვირთა. ასე გავრცელდა კადრები სოციალურ ქსელში. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეკლესიიდან წამოვსულიყავი, რადგან „ეკლესიას ვარცხვენ“. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე, ვინც საჭირო იყო. მე ვეზიარები, როგორც სასულიერო პირი, მაგრამ ღვთისმსახურებას აღარ ჩავატარებ“, – აღნიშნა “კვირასთან“ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა.
„კვირა“ მამა მიქაელ ბოტკოველსაც დაუკავშირდა. მან არქიმანდრიტის გადაწყვეტილების შესახებ „კვირასგან“ შეიტყო. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, თუ სასულიერო პირი პენსიაში გასვლას გადაწყვეტს, მაშინ ასეთ შემთხვევაში საპატრიარქო მას პენსიის სახით ყოველთვიურად 150 ლარს უნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები