ჩეხეთი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს გმობს

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას და მას რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციის კუთხით ძალისხმევის შემდგომი გართულებისკენ მიმართულ ნაბიჯს უწოდებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ისევე როგორც, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. სამინისტროს განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა გაიმართა სწორედ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღეს, რადიკალურად გაართულა ამ მოლაპარაკებების ატმოსფერო. ჩეხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ და თანამიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩეხეთის მხარე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გადადგას საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივად აღებული ვალდებულების შემხვედრი ნაბიჯები და ხაზს უსვამს, საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები