როგორ ჩამოართვა მერაბიშვილმა გონიოში ფეშენებელური სახლი მეპატრონეს და რა კავშირი აქვს საქმესთან ემზარ კვიციანს
ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ომარ მახარაძეს გონიოში მდებარე სასტუმროს ტიპის სახლი ჩამოართვეს. სახლის ჩამორთმევის მიზეზად მახარაძის ემზარ კვიციანთან კავშირი დასახელდა. ამის შემდეგ მის სახლში წლების განმავლობში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ისვენებდნენ.
ომარ მახარაძემ სახლის ჩამორთმევის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა მასთან 500-მდე სპეცრაზმელი მივიდა და სახლის დაცლა უბრძანა. მას ორსულ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იძულებით დაატოვებინეს სახლი.
ომარ მახარაძე “კვირასთან“ დეტალურად იხსენებს მისი საქმის დეტალებს და აცხადებს, რომ მისთვის სახლის ჩამორთმევა მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დავალებით, როლანდ ახალაიასა და აჭარის კუდის იმჟამინდელი უფროსის თემურ პატარიძის მონაწილეობით მოხდა.
როგორ ჩამოართვეს გონიოში მდებარე სასტუმროს ტიპის სახლი ომარ მახარაძეს ისე, რომ მან ამის შესახებ მხოლოდ 2 წლის შემდეგ შეიტყო?
1998 წელს ხელვაჩაურის რაიონში ჩემი ოჯახის და მშობლების დახმარებით შევიძინე 1000 კვადრატული მიწის ნაკვეთი 3000 ლარად, სადაც მოგვიანებით კანონის სრული დაცვით, ავაშენე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი. ერთ სართულზე ვცხოვრობდი ცოლ-შვილთან ერთად, ხოლო მეორე სართულს ზაფხულობით ვაქირავებდი დამსვენებლებზე და ამით ვარჩენდი ოჯახს. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილს, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო, ჩემი სახლი მოეწონა. მან აჭარის კუდის იმჟამინდელ უფროსს თემურ პატარიძეს დაავალა, სისრულეში მოეყვანა ჩანაფიქრი და ჩემთვის სახლი ჩამოერთმიათ. 2007 წელს გალისა და გულრიფშის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ზუგდიდში მდებარეობდა, ისე რომ მე სასამართლო პროცესზე არც ვყოფილვარ მიწვეული, ჩემი საკუთარი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე სახლი ჩამომართვა იმ მოტივით, რომ თითქოს მე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის მაშინდელ რწმუნებულთან ემზარ კვიციანთან დაახლოებული პირი ვიყავი. ემზარ კვიციანს პირადად არ ვიცნობდი, ის მხოლოდ ტელევიზით მყავდა ნანახი, კვიციანს ახლაც არ ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის ბატონი ემზარ კვიციანი. განაჩენი გამოიტანა მოსამართლე დავით კეკენაძემ.
როგორ გამოასახლეს, 2 მცირეწლოვან შვილთან და შვიდი თვის ორსულ ცოლთან ერთად, ომარ მახარაძე საკუთარი სახლიდან?
2009 წელს ჩემთან დაახლოებით 500 სპეცრაზმელთან ერთად შს სამინისტროსა და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ და მითხრეს, რომ სახლი უნდა დამეტოვებინა, რადგან სასამართლოს განჩინებით ის მე აღარ მეკუთვნოდა. ეს იყო შოკი, რაც მაშინ გადავიტანეთ, იძულებული გამხადეს, 2 მცირეწლოვან შვილთან და ორსულ მეუღლესთან ერთად კანონიერი სახსრებით აშენებული სახლიდან წამოვსულიყავი.
როგორც აღმოჩნდა, სასამართლოდან მოწვევა, რომ ჩემი სახლის საკითხი იხილებოდა და მე უნდა გამოვცხადებულიყავი, შეგნებულად სხვა მისამართზე იგზავნებოდა, რომ მე არ გამეგო და არ გამეპროტესტებინა. ქუჩის დასახელება ერთი და იგივე იყო, უბრალოდ სხვა ნომერზე მიდიოდა სასამართლოს მოწვევა. ესეც შეგნებულად გააკეთეს, რომ არ გამეპროტესტებინა და საბოლოოდ განაჩენი ისე გამოიტანეს, გამოსასახლებლად რომ მოვიდნენ, მაშინ შევიტყვე. როცა უკვე სასამართლოს მივმართე, მითხრეს, რომ გასაჩივრების ვადა გასული იყო. ყველა გზა მომიჭრეს, რომ სამართლებრივად მებრძოლა და სიმართლე დამემტკიცებინა.
ჩემი შრომით აშენებულ სახლში ყოფილი ძალოვანების ოჯახები ისვენებდნენ. სახლს ჰყავდა დაცვის რამდენიმე წევრი, დამლაგებელი, რომელთაც ხელფასს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უხდიდნენ. მაშინ ვანო მერაბიშვილმა სამხარეო პროკურორის როლანდ ახალაიასა და აჭარის კუდის მაშინდელი უფროსის თემურ პატარიძის დახმარებით ბევრი ოჯახი დატოვა სახლის გარეშე, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი.
სტრასბურგში შეტანილი სარჩელი და აჭარის პროკურატორის დასკვნა, რომ ომარ მახარაძეს ემზარ კვიციანთან კავშირი არ ჰქონდა:
მაშინდელი ხელისუფლების სასამართლოსთან ვერაფერს გავხდი, კუდის მაშინდელი უფროსი თემურ პატარიძე მემუქრებოდა, თუ იჩივლებ, ნარკოტიკს ჩაგიდებთ და დაგიჭერთო. თუმცა ფარ-ხმალი არ დამიყრია, სტრასბურგის სასამართლოს მივმართე, პატარ-პატარა ძვრები იყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ მე სახლი ისევ არ მაქვს.
2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მე და ჩემმა ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ კვლავ დავიწყეთ ბრძოლა. წარვადგინე აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, როგორ და რა ფულით შევისყიდე მიწის ნაკვეთი და შემდეგ ავაშენე სასტუმროს ტიპის სახლი. 2012 წელს აჭარის პროკურატურამ დადო დასკვნა, რომ მე ემზარ კვიციანთან არანაირი კავშირი არ მქონდა, სახლი კი კანონიერად მოპოვებული სახსრებით ავაშენე. ამის შემდეგ მივმართე მთავარ პროკურატურას, თუმცა საკუთარ სახლს მაინც ვერ ვიბრუნებ.
პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნამ კიდევ ერთხელ ჩამისახა იმედი, რომ ჩემს საქმესაც განიხილავენ და ობიექტურობა დადგინდება. სასამართლოში მიზეზად საქმის ხანდაზმულობას ასახელებენ და ხელახალ განხილვას არ იწყებენ.
“კვირა “ ომარ მახარაძის ადვოკატს ემზარ პაქსაძესაც დაუკავშირდა.
„ომარ მახარაძეს რომ ემზარ კვიციანთან კავშირი არ ჰქონია, ეს აჭარის პროკურატურამ დასკვნის სახით 2012 წელს დაწერა. მახარაძეს მასთან არც მეზობლური, არც მეგობრული, არც ნათესაური კავშირი არ ჰქონია. სქემა შეადგინა ვანო მერაბიშვილმა და განხორციელება დაავალა ოდიოზურ ფიგურას – აჭარის კუდის მაშინდელ უფროსს თემურ პატარიძეს. ომარ მახარაძე მაშინ 25 წლის იყო, არავითარი კონფლიქტი და უთანხმოება არ ჰქონია სამართალდამცველებთან. შექმნა ოჯახი და ზაფხულობით სახლის რამდენიმე ოთახს აქირავებდა, ეს იყო და ეს.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, სასამართლომ ემზარ კვიციანი უდანაშაულოდ ცნო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმე მიდიოდა როგორც სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, მას ემზარ კვიციანთან კავშირს ედავებოდნენ. ემზარ კვიციანს ბრალდებები მოუხსნა სასამართლომ, ასე რომ, ომარ მახარაძეს რაიმე სახის კავშირი რომც ჰქონოდა მასთან, ეს ფაქტორიც უნდა იქნას გათვალისწინებული და მას სახლი უნდა დაუბრუნდეს“, – განუცხადა “კვირას“ ემზარ პაქსაძემ.
“კვირასთან“ საუბრისას ომარ მახარაძესთან რაიმე სახის კავშირს თავად ემზარ კვიციანიც უარყოფს. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენებით ყოფილი ხელისუფლება “ათასგვარ სიბინძურეზე“ მიდიოდა. კვიციანის თქმით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა გონიოს სახლის საქმე.
“ომარ მახარაძე თვალით არ მინახავს, არ ვიცნობ. რამდენიმე დღის წინ დავურეკე მას, როცა შევიტყვე, რომ პროკურატურაში საჩივარი აქვს შეტანილი ამ საქმეზე. მე პროკურატურაში ახლად შექნილ დეპარტამენტს უკვე მივმართე, განიხილოს ყველა ის საქმე, რომელშიც ჩემი სახელი ფიგურურებს. ყოფილი ხელისუფლება შეთითხნილი სქემებით უდანაშაულო მოქალაქეების საკუთრების ჩამორთმევით იყო დაკავებული“, -აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ემზარ კვიციანმა.
ომარ მახარაძე, რომელიც გონიოში სასტუმროს ტიპის სახლს ფლობდა, ამჟამად ოჯახით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მახარაძე აცხადებს, რომ უსახსრობის გამო მეხუთე თვეა ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც შესაძლოა, სამ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს.