ირაკლი ღარიბაშვილი: არ ვთვლი, რომ აუცილებელია მთავრობის წევრების დასწრება პარლამენტში
პრეზიდენტის გამოსვლის დროს არ ვთვლი, რომ აუცილებელია მთავრობის წევრების დასწრება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი აღარ არის. “დღეს ქვეყანაში არის ახალი რეალობა. გვაქვს ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, მთავრობა არის დამოუკიდებელი. ჩვენ ვართ აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.
შარშან ჩვენ უკვე დავამკვიდრეთ ახალი პრაქტიკა. მოგეხსენებათ, შარშან პრეზიდენტის გამოსვლისას არ ჩავთვალეთ საჭიროდ პარლამენტში მისვლა. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლაც მნიშვნელოვანია, პარლამენტის თავმჯდომარისაც, დეპუტატებისაც. ყველას გამოსვლა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ახალი პრაქტიკა, ასე რომ, მე არ ვთვლი, რომ აუცილებელია მთავრობის წევრების დასწრება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს გამოვა.