ირაკლი სესიაშვილი: პრეზიდენტი ვერ იქნება ანგარიშვალდებული იმ საკითხებზე, რომლებიც მთავრობის საქმიანობას შეეხება

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს დებატების გამართვა არასწორი იქნება. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი კონსტიტუციური მოდელის მიხედვით, პრეზიდენტი აღარ არის მთავრობის მეთაური და ის ვერ იქნება ანგარიშვალდებული იმ საკითხებზე, რომლებიც მთავრობის საქმიანობას შეეხება.
“პირველ რიგში, ჩვენ მკაფიოდ უნდა დავინახოთ, რა განსხვავებებია კონსტიტუციის არსებულ და ძველ რედაქციებს შორის. 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი იყო მთავრობის მეთაური და, შესაბამისად, მთავრობაც ანგარიშვალდებული იყო მის წინაშე. არსებულ ვითარებაში, როდესაც დღევანდელი კონსტიტუციური მოდელის მიხედვით, პრეზიდენტი აღარ არის მთავრობის მეთაური, თავისთავად ცხადია, ის ვერ იქნება ანგარიშვალდებული იმ საკითხებზე, რომლებიც მთავრობის საქმიანობას შეეხება. ამიტომ, დებატები გავმართოთ და პრეზიდენტს ვკითხოთ, ან ჩვენ დავაფიქსიროთ აზრი იგივე სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სხვა სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არასწორი იქნება”, – განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში 31 მარტს გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები