დავით ბაქრაძის ორმაგი სტანდარტი – საპარლამენტო უმრავლესობას ვალდებულებებს ახსენებს, თანაპარტიელებს კი იცავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომაზე არგამოცხადების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ბაქრაძემ ყველა დეპუტატს ვალდებულებები შეახსენა და მოუწოდა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ყველა დასწრებოდა. აღსანიშნავია, რომ უმცირესობის წევრმა ეს მინიშნებები კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი დეპუტატების მისამართით გააკეთა, თუმცა საკუთარ თანაპარტიელებზე, რომლებიც ამ დროისთვის უკრაინაში იმყოფებიან, ან სხვადასხვა მიზეზით სხდომებს არ ესწრებიან, მას ყურადღება არ გაუმახვილებია.
ცნობისათვის, საგაზაფხულო სესიებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები: გიორგი ვაშაძე, მარიამ საჯაია, გიორგი ბარამიძე, კობა ნაყოფია ხშირად არ ესწრებიან. რაც შეეხება დავით საყვარელიძეს, ის უკრაინის პროკურორის მოადგილედ დანიშვნამდე პარლამენტში არ გამოცხადებულა.
„კვირა“ დავით ბაქრაძეს დაუკავშირდა და, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ვალდებულებების გარდა, უმცირესობის წარმომადგენლების მოვალეობების შესახებაც ჰკითხა. ბაქრაძეს მიაჩნია, რომ დეპუტატი პარლამენტის სხდომებს არ უნდა აცდენდეს. მისივე თქმით, პარლამენტის წევრს ხელფასს იმიტომ უხდიან, რომ მან სხდომებზე იაროს. თუმცა, ბაქრაძემ „კვირასთან“ საუბრისას თანაპარტიელების გაცდენებზე ყურადღება არც ამჯერად გაამახვილა და დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
„დავით საყვარელიძის შემთხვევა სრულიად სხვაა. იგი უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნა და, ბუნებრივია, პარლამენტის სხდომებს ვერ დაესწრება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს ეს პრეტენზია. დეპუტატს იმიტომ ირჩევენ ამომრჩევლები, რომ სხდომას დაესწრონ და სხდომებზე იარონ, თუ არ არის მივლინება, ან ავადმყოფობა, ან რაიმე სხვა საპატიო მიზეზი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამიტომ აგვირჩიეს და ამიტომ გვიხდის სახელმწიფო ხელფასს“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საუბრის თემა მალევე შეცვალა და ყურადღება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გადაიტანა.parlamenti
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებზეც საპარლამენტო უმრავლესობას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ხვალინდელ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით, არის ის, რომ, ვთქვათ, უმრავლესობის წევრები მივლინებაში არიან და ვერ მოდიან. ჩვენ მათგან ვისმენთ დემონსტრაციულ მოწოდებას, რომ არ მოვიდნენ სხდომაზე. ეს მე არასწორად მიმაჩნია. ხვალ უნდა ვიმსჯელოთ იმ თემაზე, რაც ხალხს აწუხებს – ქვეყნის ეკონომიკასა და ქვეყნის მდგომარეობაზე“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ და ტელეფონი გათიშა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დეპუტატების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის მონაცემებია გამოქვეყნებული. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს 2015 წლის თებერვლის გაცდენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ განუთავსებია. კანონის თანახმად, დეპუტატებმა გაცდენების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საპროცედურო კომიტეტს 10 მარტს უნდა ჩააბარონ. რაც შეეხება 2014 წლის დეკემბრის მონაცემებს, დეპუტატებს შორის კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლიდერობენ. კერძოდ: ნუგზარ წიკლაურს – 10 სამუშაო დღე (10.12 2014 – 29.10 2014) აქვს გაცდენილი, ჩიორა თაქთაქიშვილს – 7 (15.12.2014 – 29.12.2014), მარიამ საჯაიას – 10 (12.12.2014- 29.12.2014) აკაკი მინაშვილს – 9 (15.12.2014 – 29.12 2014).
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა. საპარლამენტო უმცირესობამ სხდომაზე დასასწრებად მთავრობის წარმომადგენლებიც მიიწვია. სხდომაზე ლარის კურსის ვარდნა და ქვეყნაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განიხილონ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები