“რა ვადებში ჩატარდება მოსახლეობის აღწერა, რა კითხვებზე მოუწევთ მოქალაქეებს პასუხების გაცემა და როგორ შეძლებთ თვითრეგისტრაციას” – საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი დაგეგმილი აღწერის შესახებ საუბრობს

14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება. დაგეგმილ აღწერასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, აღწერის პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თვითრეგისტრაცია გაიარონ. 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას პლანშეტური კომპიუტერებით გამოჰკითხავენ.

“2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდება. ზოგადად, აღწერები ათწლიანი პერიოდულობით ტარდება. საქართველოში წინა აღწერა 2014 წელს ჩატარდა. აქედან გამომდინარე, საქსტატმა გადაწყვეტილება მიიღო, აღწერა 2024 წელს ჩატარებულიყო. მონაცემები ორ ეტაპად შეგროვდება. აღსანიშნავია, რომ აღწერების ისტორიაში პირველად, საქართველოში აღწერას, ქაღალდის კითხვარების გარეშე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩავატარებთ. პირველი 10 დღის განმავლობაში, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები ე.წ. თვითრეგისტრაციის მეთოდით შეგროვდება, ანუ ნებისმიერ რესპონდენტს შესაძლებლობა ექნება, საქსტატის გვერდზე, www.geostat.ge-ზე შევიდეს და ელექტრონული კითხვარი მისთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას ჩვენგან დამოუკიდებლად შეავსოს. კითხვარის შევსების შემდეგ ის ავტომატურად გენერირებულ კოდს მიიღებს,  კოდი მასთან მისულ საქსტატის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, რომელიც საკონტროლო შეკითხვებს დასვამს და გადაამოწმებს, რამდენად სწორად შეავსო მან ელექტრონული კითხვარი.  იმ შემთხვევაში,  თუ პირველი ვიზიტისას რესპონდენტთან  საქსტატის  ინტერვიუერის შეხვედრა ვერ მოხერხდა,  ის რამდენიმე ვიზიტს განახორციელებს, ან შეიძლება,  კომუნიკაციაზე მეზობლის დახმარებით გავიდეს,  ტელეფონის ნომერი სთხოვოს და რესპონდენტს სასურველ დროს აუცილებლად  მიაკითხავს. მისი გადამოწმების შემდეგ კი, ასე ვთქვათ, ვალიდაციას მოახდენს. იმ რესპონდენტებს, რომლებიც ამ შესაძლებლობით არ ისარგებლებენ, კარდაკარის პრინციპით ოჯახში ჩვენი ინტერვიუერები მიაკითხავენ და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით ინტერვიუს აიღებენ, კითხვარს ელექტრონულად შეავსებენ.

აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა. ეს რეგულირდება “საქართველოს კანონით ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობს, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები ვალდებულები არიან, აღწერაში მონაწილეობა მიიღონ და საქსტატის წარმომადგენელს კითხვარით გათვალისწინებული უტყუარი ინფორმაცია მიაწოდონ.

ზოგადად,  ემიგრანტები აღწერაში არ მონაწილეობენ. ეს  ჩვენი მოგონილი არ გახლავთ, საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია. აღწერის ობიექტებს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები წარმოადგენენ, ანუ ესენი არიან პირები, რომლებიც 12 თვის და მეტი   ხნის განმავლობაში  მოცემულ ქვეყანაში ცხოვრობენ. რაც შეეხება ემიგრანეტების შესახებ ინფორმაციას –  ინფორმაცია ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებიდან მოგვეწოდება,  ესაა საზღვრის კვეთის მონაცემები;  ისევე როგორც  სხვა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ემიგრაციის სტატისტიკის მონაცემებს აწარმოებს, “- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, ელექტრონული კითხვარი 3 ნაწილისგან შედგება.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 12 000 ინტერვიუერი იმუშავებს. აღწერის როლი და მნიშვნელობა უდავოდ დიდია. ის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების, სოფლების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების, რეგიონების დონეზე სხვადასხვა სახის ინფორმაცია შევაგროვოთ, ისეთი როგორიცაა მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი, დემოგრაფიული მახასიათებლები, ინფორმაცია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მოსახლეობის აღწერის პარალელურად ჩვენ სასოფლო-სამეურნეო აღწერასაც ვატარებთ, რაც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ ინფორმაცია შევაგროვოთ.

ელექტრონული კითხვარი 3 ნაწილისგან შედგება. პირველი კითხვარის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, შევაგროვოთ ინფორმაცია მოსახლეობის შინა მეურნეობის სიითი შემადგენლობის, საცხოვრისის მდგომარეობის შესახებ, მაგალითად, რომელ წელსაა აშენებული საცხოვრისი, როგორია ოთახების რაოდენობა, ფართობი, არის თუ არა მოწყობილი კეთილმოწყობის საშუალებებით, როგორიცაა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, აღჭურვილია თუ არა კანალიზაციის სისტემით და ა.შ. რაც შეეხება მეორე ნაწილს – ესაა პერსონალური კითხვარი, რომელიც თითოეულ რესპონდენტზე, მოქალაქეზე ინდივიდუალურად ივსება, ის საშუალებას გვაძლევს, ინფორმაცია შევაგროვოთ საიდენტიფიკაციო მონაცემების, მოქალაქეობის, ეთნიკური წარმომავლობის, აღმსარებლობის, ენების ცოდნის, განათლების მიღწეული დონის, დასაქმების სტატუსის, მიგრაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ხოლო, კითხვარის მესამე ნაწილი, კითხვებს სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ აერთიანებს. ეს მოგვცემს საშუალებას, შევაგროვოთ დეტალური ინფორმაცია უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების, გამოყენებული მიწის სტრუქტურის შესახებ. მაგალითად, მიწაზე ერთწლიანი ნარგავებია გაშენებული, თუ მრავალწლიანი, ასევე ინფორმაციას გვაძლევს ვაზის ჯიშების რაოდენობის, მათი კატეგორიზაციის შესახებ, ასევე რამდენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველი და ფუტკრის ოჯახები ჰყავს ამა თუ იმ ოჯახს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო აქტივობაშია ჩართული. რაც შეეხება საველე სამუშაოებს, ანუ მონაცემთა შეგროვების პროცესს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პროცესი 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაგრძელდება. აქედან 6 თვეში, 2025 წლის ივნისში მომხმარებლებისთვის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო 2026 წლის ივნისამდე დეტალური ინფორმაცია სოფლების და უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე იქნება ხელმისაწვდომი”- განაცხადა თოდრაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები