პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სავაჭრო მისიას შეხვდა

საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით, თბილისში შეერთებული შტატების სავაჭრო მისია იმყოფება, რომელსაც აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, მეთიუ მიურეი ხელმძღვანელობს.
წარმომადგენლობით დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები შედიან, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, გამჭვირვალე, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე; ასევე, ხორციელდება მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის, საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე თავისუფალი წვდომის მიმართულებით.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ რომლის პირველ შეხვედრას საქართველო 2015 წლის 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.
აღინიშნა, რომ 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვა 26,8%-ით გაიზარდა და 494,8 მლნ დოლარი შეადგინა; ექსპორტი 52,1%-ით, 207,5 მლნ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 26,8%-ით – 287,2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
პრემიერმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა აშშ-ის სავაჭრო მისიის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის მნიშვნელოვან კომპონტენტს წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის მეორე მოადგილე მეთიუ მიურეი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, USAID-ის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს კავკასისა და ცენტრალური აზიის ბიუროს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში დანიკა სტარქსი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში სარა უილიამსონი; Dow Chemical- ის, Procter & Gamble-ის, Honeywell-ის და სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები