დავით უსუფაშვილი: ვინც ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს

ვინც ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კითხვას, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობის წევრები ნაწყენები არიან იმის გამო, რომ “პრეზიდენტი წამოეგო “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციას, როცა რიგგარეშე სხდომა დანიშნა”.
“თქვენ ახსენეთ სიტყვა “ნაწყენი”. ვინც ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს, ბევრი მაქვს მაცივარში, მობრძანდნენ, ყველა მხრიდან. პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გაიკეთონ აცრა ნაწყენობაზე, გაბრაზებაზე, გაბუტვაზე და ამ ტიპის კატეგორიებზე.
პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება არ წარმოვიდგინოთ, როგორც აპოკალიფსური მოვლენა. ჩვენ ყოველდღიურად უამრავი საკითხი გვაქვს განსახილველი. კონკრეტულ საკითხში უმრავლესობის წევრთა მოსაზრება არის განსხვავებული პრეზიდენტის მოსაზრებისგან, ამ განსხვავებულობის ავ-კარგიანობისა და სისწორის შემფასებელი არის საქართველოს მოსახლეობა. მე არ მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს ანკესს წამოეგო, ის თავისი პასუხისმგებლობით და გადაწყვეტილებებით მოქმედებს. პრეზიდენტიც ცდება ხანდახან, პარლამენტის თავმჯდომარეც ცდება, მთავრობის წევრიც ცდება, ოპოზიაციაც. შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვინმეს ანკესზე წამოგებას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს, საკუთარ თავსაც, მთავრობას, პრეზიდენტს მიუთითა, რომ ნუ ექნებათ წარმოდგენა, თითქოს რიგგარეშე სხდომების მოწვევის მექანიზმებით პროცესს სხვა მხარეს წაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები