პირი, რომელიც დღეს გამგეობასთან ნეპოტიზმს აპროტესტებდა, თანამდებობაზე ბიძის რეკომენდაციით მუშაობდა
გივი კუბლაშვილი, რომელმაც დღეს დიდუბის რაიონის გამგეობასთან აქცია გამართა და გამგებელი ნეპოტიზმში დაადანაშაულა, თავად წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ნათესაური კავშირების დახმარებით დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.
როგორც „კვირას“ დიდუბის რაიონის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გივი კუბლაშვილმა განუცხადა, იგი წინა ხელისუფლების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი დვალის ნათესავია და თანამდებობაზეც მისივე რეკომენდაციით დაინიშნა.
გივი კუბლაშვილის მამიდის მეუღლე ირაკლი დვალი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი („ნაციონალური მოძრაობიდან“) 4 წელი იყო. იგი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით კენჭს კვლავ იყრიდა, თუმცა ირაკლი დვალი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატთან თარაშ შურღაიასთან დამარცხდა.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ირაკლი დვალი და მისი მეუღლის ძმისშვილი გივი კუბლაშვილი უმუშევრები დარჩნენ.
კუბლაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას ისიც აღიარა, რომ მას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, ირაკლი დვალის გარდა რეკომენდაცია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის იმჟამინდელმა გამგებელმა დავით დაღელაშვილმაც გაუწია. დავით დაღელაშვილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატის ირმა ნადირაშვილის მეუღლეა.
„წელიწადი და ოთხი თვე დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ვიყავი. 2013 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც დედაქალაქის მერი გიგი უგულავა იყო, მაშინ დავინიშნე. მანამდე, დიდუბის რაიონის გამგეობაში ვიყავი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი და მერე გავხდი მთავარი სპეციალისტი. უფრო ადრე კი, 2010 წელს, მერიის სამსახურში ხელშეკრულებით ამიყვანეს. შემდეგ ნელ-ნელა, ეტაპობრივად დავწინაურდი. 2013 წელს, როდესაც გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დავინიშნე, რეკომენდაცია გამიწია როგორც დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილმა გამგებელმა დავით დაღელაშვილმა, ასევე რამაზ სულამინიძემ და საკრებულოს მაშინდელმა დეპუტატმა ირაკლი დვალმაც. ირაკლი დვალი მამიდაჩემის მეუღლე, ბიძაჩემია. ირაკლი დვალი ბიძაჩემიც რომ არ ყოფილიყო, იცით, რა „სივი“ მაქვს?! “ – აღნიშნა გივი კუბლაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
„კვირა“ ირაკლი დვალის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ოთხი წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია. რაც შეეხება ირაკლი დვალის ნათესავს, 31 წლის გივი კუბლაშვილს, მან ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო.
კუბლაშვილი დიდუბის რაიონის მოადგილის თანამდებობაზე 2013 წლის მარტში დაინიშნა. აღმოჩნდა, რომ 2013 წელს, დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის დიღმის მასივის უბნის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის დროს მან ხელფასის სახით 17 788 ლარი მიიღო, ხოლო მისი 2014 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კუბლაშვილის შემოსავალმა იმავე თანამდებობაზე მუშაობისას 48 700 ლარი შეადგინა. კუბლაშვილმა ორი წლის განმავლობაში, ჯამში, 66 488 ლარი მიიღო. 2014 წელს კუბლაშვილების ოჯახმა თბილისთან ახლოს 1993 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიც შეიძინა, რომელიც გივი კუბლაშვილის მეუღლის სოფიო ცაბუტაშვილის სახელზეა რეგისტრირებული.
ბოლო დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გივი კუბლაშვილის დედის, მარინე კუბლაშვილის სახელზეა გაფორმებული საცხოვრებელი ფართი თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე და მეუღლის სახელზეა გაფორმებული არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, დ.აბაშიძის ქუჩაზე.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გივი კუბლაშვილმა ბანკა „რესპუბლიკადან“ და „ლიბერთი“ ბანკიდან სამომხმარებლო სესხი აიღო, რომელიც ნაწილობრივ დაფარა. კუბლაშვილი ამბობს, რომ მას ფინანსურად მეუღლის მშობლები ეხმარებიან, რომლებიც ამერიკაში არიან. კუბლაშვილის დედა, მარინე კუბლაშვილი შპს „მიმ და სო“ -ს პარტნიორი და მენეჯერია. მარინე კუბლაშვილი საქორწინო და საღამოს კაბებს აქირავებს.
როგორც „კვირას“ გივი კუბლაშვილის დედამ განუცხადა, მთელმა დიღომმა იცოდა, რომ მისი შვილი და ირაკლი დვალი ნათესავები არიან. მისი თქმით, დღევანდელი აქციის შესახებ ინფორმაცია მან ტელევიზიის საშუალებით შეიტყო.
„ჩემს შვილს, მართლაც, ინფრასტრუქტული პროექტები აინტერსებს. აწუხებს ის, რაც დღეს დიღმის მასივში ხდება. დღეს რომ გამგებელმა წამოაძახა ჩემს შვილს, ირაკლი დვალის ნათესავიაო, იცით, რა „სივი“ აქვს ჩემს შვილს?“ – ამბობს მარინე კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გივი კუბლაშვილმა დიდუბის რაიონის გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა რაიონის ამჟამინდელი გამგებელი ნეპოტიზმში დაადანაშაულეს და აცხადებენ, რომ ახალი გამგებლის დანიშვნის შემდეგ რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, გამგებლის ერთ-ერთი თანამშრომელი ალეკო ავთანდილაშვილი საკრებულოში დიდუბის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, თარაშ შურღაიას ბიძაა.