მზით დამწვარ პაციენტთა რაოდენობამ იმატა – გუდაურიდან კლინიკას 8 პაციენტმა მიაკითხა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გუდაურიდან მზის სხივებით სახის დამწვრობით კლინიკას 8 პაციენტმა მიმართა, – ამის შესახებ „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტებიდან 3 ბავშვია, ხოლო 5 მოზარდი.
„ბოლო ერთი კვირაა სამედიცინო დაწესებულებას გუდაურიდან 8 პაციენტმა მიმართა. მათ მე-2 ხარისხის დამწვრობა სახის არეში აღენიშნებოდათ. აღმოჩნდა, რომ არცერთ მათგანს არც მზის დამცავი სათვალე არ ეკეთა და სახეზე მზის საწინააღმდეგო დამცავი საცხი არ ჰქონდა წასმული. შესაბამისად, გუდაურში, იქ, სადაც მზეა და თოვლი ირეკლავს ამ მზის სხივებს, სახის დამწვრობის ალბათობაც დიდია. საბედნიეროდ, თითოეულ მათგანს მხოლოდ ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა და მკურნალობას სახლში აგრძელებენ“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი განსაკუთრებით აფრთხილებს იმ პირებს, ვინც გუდაურში გეგმავს წასვლას, აუცილებლად გამოიყენონ სათვალე და მზის დამცავი საცხი.
იზა შაქარაშვილი