ექსკლუზივი: აქვს თუ არა სატანისტურ სექტასთან კავშირი დუშეთში გარდაცვლილ გოგონას – მოზარდს დღეს დაკრძალავენ
15 წლის გოგონას, რომელმაც 2 დღის წინ დუშეთში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ცოტა ხანში ანანურის ტაძრიდან გამოასვენებენ და მისი მშობლიური სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
როგორც ადგილიდან “კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, დუშეთში გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ისინი კამერის წინ ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ გოგონას კავშირი სატანისტური სექტის წევრებთან ჰქონდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სექტის წევრები ნარკოტიკებს მოიხმარენ და დუშეთის სასაფლაოზე ღამით რიტუალებს ატარებენ. რიტუალების თანახმად, ისინი ცხოველებს თავებს აჭრიან. ადგილობრივების თქმით, ამავე სექტის წევრები უცნაური ჩაცმულობითა და გარეგნობით გამორჩევიან, თითოეულ მათგანს თვალშისაცემად გრძელი, შავად შეღებული ფრჩხილები აქვს, ტანზე კი აქვთ სვირინგები წარწერით – “სიძულვილი“. ატარებენ უმეტესად გრძელ, შავად შეღებილ თმებს და, განურჩევლად სქესისა, შავად მოხატული თვალებით მოძრაობენ ქალაქში.
როგორც ადგილობრივები პირად საუბრებში აცხადებენ, გოგონას მშობლები განქორწინებულები არიან. მამა გარდაცვლილის ძმასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, გოგონას სახლში ოჯახური კონფლიქტი არ ჰქონია, და ის უზრუნველად იზრდებოდა.
ამასთან, როგორც დუშეთის მაცხოვრებლები ამბობენ, გოგონა კალიუმის ციანიდის მიღების შედეგად გარდაიცვალა, რომელიც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, თბილისიდან მიკროავტობუსის საშუალებით გაუგზავნეს.
პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ წარმომადგენელმა ნინო ჩარკვიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გუშინ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დუშეთში სატანისტურ სექტას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ნინო ჩარკვიანმა განმარტა, სატანისტური სექტის საქმიანობაში 50-60 ბავშვია ჩართული. მისივე თქმით, მოზარდები სხვა თანატოლებისგან გარეგნობითაც გამოირჩევიან, თითოეულ მათგანს ყვითელი კანი და ამოყირავებული ჯვარი ამოსვირინგებული აქვს წარწერით: „სიძულვილი“.
ჩარკვიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს აღნიშნული პრობლემით დაინტერესება და საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა. მასთან ერთად მან საპატრიარქოსა და ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს აღნიშნული საკითხით დაინტერესება და დახმარება სთხოვა.
„ორი დღის წინ დუშეთში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა. მან კალიუმის ციანიდი დალია, რომელიც, როგორც დასტურდება, თბილისიდან მიკროავტობუსის საშუალებით გაუგზავნეს. გოგონას ქმედების მიზეზი რამდენიმე დღის წინ გაურკვეველი მიზეზით მისი 18 წლის შეყვარებულის გარდაცვალება გახდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ორივენი დუშეთში არსებულ სატანისტურ სექტასთან არიან კავშირში. ამ სექტის წარმომადგენელები რიტუალებს ღამით დუშეთის სასაფლაოზე ატარებენ. აქამდე ისინი სასაფლაოზე ცხოველებს თავებს აჭრიდნენ, ახლა კი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და ამ სექტას უკვე მოზარდები ეწირებიან“,- აღნიშნა ნინო ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის თქმით, ის დუშეთში 20-30 ოჯახს გაესაუბრა. მისი თქმით, მათ ხმამაღლა ამ სექტაზე საუბრის ეშინიათ და თავს იკავებენ. მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ უკვე საქმის კურსშია პოლიციაც, რომელმაც გოგონას გარდაცვალების გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმე აღძრა და სოციალურ ქსელში სექტის საიდუმლო ჯგუფის ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.
„ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და ამ საკითხში საპარტრიაქო და ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ჩაერთონ, რომ ბავშვები გადავარჩინოთ“, -აღნიშნა ნინო ჩარკვიანმა.
ნინო ჩარკვიანის მიერ სატანისტური სექტის საქმიანობასთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გაკეთებული განცხადებით საქართველოს მთავარი პროკურატურა დაინტერესდა. როგორც “კვირას“ ნინო ჩარკვიანმა განუცხადა, სკანდალური განცხადების გახმაურებიდან მალევე, მას საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და დაკითხვაზე დაიბარეს.