ვის ეკუთვნის „ზილ-131“ რუსული ნომრებით – „კვირამ“ ავტომფლობელს მიაკვლია (ფოტოკოლაჟი)
სატვირთო მანქანა რუსული სატრანზიტო ნომრით, რომელიც გუშინ თბილისში გამოჩნდა, ამ დროისთვის რუსთავის ავტობაზრობაზე დგას. „კვირა“ მფლობელს ესაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ მან საქართველოში ავტომანქანა გაყიდვის, ან ნაწილებად დაშლის მიზნით ჩამოიყვანა. მისივე განცხადებით, სატრანსპორტო საშუალება საქართველოში კანონის სრული დაცვით შემოიყვანა. ამასთან, მისთვის გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც მანქანის საქართველოში შემოყვანას მოჰყვა.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ატყდა ამ თემაზე ხმაური. ეს მანქანა რუსეთიდან კანონის სრული დაცვით შემოვიყვანე. ახლა კი, ვაპირებ მის განბაჟებას. ამ საქმიანობას საქართველოში დღეს ბევრი ადამიანი ეწევა და ერთ-ერთი მე ვარ. ვაპირებ, მანქანა ან გავყიდო, ან ნაწილებად დავშალო. ასე გაყიდვით უფრო მეტ მოგებას ვნახავ. ძირითადად, მსგავსი ავტომანქანით დაინტერესებას რაიონის მოსახლეობა გამოთქვამს და მას, როგორ წესი, სამეურნეო საქმიანობისთვის იყენებენ“,- აღნიშნა „კვირასთან“ შმაგი ტოხუსაშვილი.
„კვირა“ მანქანის მფლობელთან ჩაწერილ ვიდეოინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით გაავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. ფაქტმა სოციალურ ქსელში პოლემიკა გამოიწვია. ფეისბუქის მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ ფოტოზე ასახული რუსული „ზილ-131“ სამხედრო სფეროში, უმეტესად, სამხედრო პირების გადასაყვანად გამოიყენება.მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა. უწყების განმარტებით, ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს.
„სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა ეკრძალებათ. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის“, – წერდა სოციალურ ქსელში შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.