თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ჯოკია ბოდოკიას ადვოკატი დავით ნარმანიას ძმაა

თბილისის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჯოკია ბოდოკიას ადვოკატი დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანიაა უარყოფს. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“გარკვეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას ადვოკატი დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანიაა.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, ამ ისედაც მძიმე საკითხთან დაკავშირებით ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
თბილისის მერია მზად არის, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, მედიის დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები