ელისო ჩაფიძე – ქუცნაშვილს საკუთარი პოზიცია უმრავლესობისთვის არ უნდა შეეთანხმებინა



საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილის დასახელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არ იყო ვალდებული. პოზიცია უმრავლესობასთან შეეთანხმებინა.
როგორც ჩაფიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, უმრავლესობაში არანაირი დაპირისპირება არ არის.

„არავითარი დაპირისპირება უმრავლესობაში არ არსებობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერს – დავით საგანელიძეს პრეზიდენტთან შეხვედრები ჰქონდა და მან მკაფიოდ განაცხადა, რომ უმრავლესობა პრეზიდენტს კანდიდატურას არ წარუდგენდა. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან თავისუფალი შესარჩევი კონკურსის გამოცხადებით არნახული პრეცედენტი დაამკვიდრა ქართულ რეალობაში“, – აღნიშნა ჩაფიძემ.

მისივე განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაციების გავლა არანაირ აუცილებლობას და საჭიროებას არ წარმოადგენდა და ამ თემაზე აგორებული ხმაური უსაფუძვლოა:
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კანდიდატებთან დაკავშიორებით უმრავლესობაში კონსულტაცია არ შემდგარა და ეს არც უნდა შემდგარიყო. გაურკვეველი მეჩვენება ბატონი ზაქარიას ირგვლივ შეიქმნილი აჟიოტაჟი. ეს არ იყო მისი პიროვნული გადაწყვეტილება. მისი კანდიდატურა 11-მა საკმაოდ ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. არ მგონია, ეს იყოს დანაშაული. აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაციების გავლა შეუძლებელი იყო იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩვენ არცერთ კანდიდატზე კონსულტაციები არ გაგვივლია, მათ შორის არც თინა ხიდაშელზე, რომელიც ასევე კანდიდატად დასახელდა“.

როგორც ჩაფიძემ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც ქუცნაშვილის კანდიდატურა წარადგინეს, ყველამ პატივი უნდა სცეს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ.
„ძალიან ცუდია, რომ ზაქარია ქუცნაშვილის, როგორც პრინციპული, კომპეტენტური პოლიტიკოსის წინააღმდეგ დისკრიმინაციული კამპანია მიმდინარეობს, თითქოს ეს იყო მისი გადაწყვეტილება და უმრავლესობასთან უნდა შეეთანხმებინა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები