ანა დოლიძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება
იურისტი ანა დოლიძე მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნას და მიაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესი გამოაჩენს მის საჭიროებას აღნიშნულ თანამდებობაზე.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გავახსენდი. იმ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მე კვალიფიცირებული კანდიდატურა ვარ ამ თანამდებობისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია. სამშობლოს სჭირდება თუ არა ჩემი სამსახური, პროფესიული უნარ-ჩვევები და კომპეტენცია, ეს გამოჩნდება პოლიტიკურ პროცესში. მოგეხსენებათ, რომ უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა სწორედაც პოლიტიკური პროცესია და ალბათ, უფრო პოლიტიკოსების გადასაწყვეტი იქნება, რამდენად დროული იქნება ამ კონკრეტულ მომენტში, ამ კონკრეტულ თანამდებობაზე ჩემი დანიშვნა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანა დოლიძე დაასახელა.