მერაბ სამადაშვილი კინო „საქართველოს“ გასხვისებასთან კავშირს უარყოფს
კინო „საქართველოს“ გასხვისებასთან დაკავშირებით „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მერაბ სამადაშვილი პასუხობს.
ყოფილი დეპუტატი კინო “საქართველოს” გასხვისებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. როგორც სამადაშვილმა „კვირას“ განუცხადა, 2007 წელს კინო “საქართველოს” გასხვისებასთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია. თუმცა, „კვირას“ მიერ ჟურნალისტური მოკვლევისას გაირკვა, რომ ყოფილი კინოთეატრის მფლობელები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. შპს „მერიდიანის“ 100%-იანი წილი 4 ადამიანზეა გადანაწილებული, თითოეული მათგანი კი 25 პროცენტიანი წილის მფლობელია. მათ შორის არიან: პარლამენტის სამგზის მოწვევის დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მერაბ სამადაშვილის ძმა, ომარ სამადაშვილი; საკრებულოს ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა გუგეშაშვილი, ვინმე ნოდარ გეორგაძე რუსეთის ფედერაციიდან და მერაბ სამადაშვილის მიერ დაარსებული კომპანია „მ.ს.“, რომლის 100- პროცენტიანი წილის მფლობელიც თავად მერაბ სამადაშვილია.

როგორც „კვირას“ მერაბ სამადაშვილმა განუცხადა, მას არც იმ კომპანიის შესახებ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომელიც დღეს კინო “საქართველოს” ერთ-ერთი მფლობელია. თუმცა, სამადაშვილი ადასტურებს ფაქტს, რომ კინო „საქართველოს“ მფლობელი კომპანია „მერიდიანი XXI”-ის წილების გადათამაშება ნამდვილად მოხდა.
„კომპანია “მ.ს”-თან მე პირადად კავშირი არ მაქვს. კომერციულ საქმიანობაში ჩართვა თავისუფლად შემიძლია, თუმცა ამ ეტაპზე მე არც ამ კომპანიის დირექტორი ვარ და არც მმართველი. ეს არის საჯარო, დეკლარირებული ინფორმაცია და მე დასამალი არაფერი მაქვს. წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ის რაზეც თქვენ საუბრობთ წილებთან დაკავშირებით, გუშინ არ მომხდარა და ეს ძველი ხელშეკრულებაა, რომლის საჯარო რეესტრში გატარებაც 5 თებერვალს მოხდა. „მ.ს.“ შესაძლოა სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებელი იყოს და ყველაფერს, რასაც განახორციელებს, მე საქმის კურში ხომ არ ვიქნები? კომპანიაზე წარმოდგენა თავისთავად ცხადია მაქვს,მაგრამ არა ყველა ნიუანსში და არა ყველა დეტალში”, – განაცხადა სამადაშვილმა.