„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები არცერთი ტელევიზიის წინააღმდეგ არ არის მიმართული“
ბოლო დღეებში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გამოთქმულ კრიტიკაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე პირველ კომენტარს „კვირასთან“ აკეთებს. ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები არცერთი ტელეკომპანიის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
აბაშიძე განმარტავს, რომ სარეკლამო ბაზრის ახლებური რეგულაციებით მოწესრიგება ევროკავშირის დირექტივას უკავშირდება.
„არც არსებულ კანონმდებლობაში და არც პრაქტიკაში არ არის განსაზღვრული და გამიჯნული, რა არის: რეკლამა, სპონსორობა, ტელეშოპინგი, პროდუქტის განთავსება და ასე შემდეგ, მაშინ როცა ყველა ეს კომპონენტი გამიჯნული უნდა იყოს. ამ კანონპროექტით იმიჯნება ყველა ეს კომპონენტი“, -აცხადებს აბაშიძე.
აბაშიძის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები და ახალი დეფინიციები უკეთესად დაარეგულირებს სამაუწყებლო ეთერში სარეკლამო ჭრების განთავსების ოდენობას.
მისი თქმით, დაგეგმილი ცვლილებებით მსხვილმა ტელეკომპანიებმა შესაძლოა, რაოდენობრივად 3-დან 5 პროცენტამდე რეკლამა დაკარგონ, თუმცა, როგორც აბაშიძე აცხადებს, ამ ფონზე შესაძლებელია ე.წ პრაიმტაიმის მონაკვეთში რეკლამებზე ფასების გაზრდა, რითიც დაბალანსება გახდება შესაძლებელი.
მისი თქმით, ამისთვის ე.წ. პრაიმტაიმის პერიოდში რეკლამების საფასურის 50, ან თუნდაც 30% -იანი ზრდის საჭიროება არ დადგება.
ამასთან, როგორ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, ცვლილებები, რომელიც კანონის ძალაში შესვლიდან პირველი წელიწადის განმავლობაში იმოქმედებს, არსებული მოცემულობისგან ძალიან არ განსხვავდება. შესაბამისად, “პრაიმტაიმის“ მონაკვეთში რეკლამებზე ფასების ზრდა დრამატულ შედეგებს არ მოიტანს.
“კანონში დაგეგმილი ცვლილებები არცერთი ტელეკომპანიის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ევროპელებს ამ სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, მათ ეს გამოცდილებები ასახეს ევროდირექტივაში პუნქტების სახით, ევროდირექტივაში არის კიდევ პუნქტები, რომლებიც მომავალში ეტაპობრივად ჩვენს კანონმდებლობაში უნდა აისახოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეს ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ევროსტანდარტებს“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ აბაშიძემ.
საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით 63 ხმით 30-ის წინააღმდეგ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები გუშინ მიიღო, რომელიც სატელევიზიო რეკლამის განთავსების ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებით, მაუწყებელს შეუძლია, საათში მხოლოდ 20% – 12 წუთი დაუთმოს რეკლამას.
დღეს მოქმედი კანონით, მაუწყებელს დაწესებული აქვთ ლიმიტი, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიებს დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% შეუძლია, გამოიყენოს რეკლამისთვის და ეს დრო სურვილის მიხედვით გადაანაწილოს.