დავით ნარმანია პორტოს მერს ლუი მორიერას შეხვდა
პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია ქალაქ პორტოს მერს ლუი მორიერას შეხვდა. მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მყარი ნარჩენების მართვის გამოცდილებაზე. კერძოდ, განიხილეს ნაგავსაყრელების მართვისა და ნარჩენების გატანის საკითხი. საუბარი შეეხო ასევე მცირე ბიზნესის განვითარებაში მუნიციპალიტეტის როლს, ქალაქის იერსახეზე ზრუნვას – ძველი ქალაქის შერწყმას ახალ მშენებლობებთან. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და სხვა. დავით ნარმანია და ლუის მორიერა შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, პორტოს ერთკვირიანი ვიზიტით თბილისის მერიის სამუშაო ჯგუფი ეწვევა. სამომავლოდ, პორტოსა და თბილისს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება.
დღესვე დავით ნარმანია ქალაქ მატოზინიუში მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაში. შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპ რესევორი გახსნის, დაგეგმილია მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის შეფასება. მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასევე იმსჯელებენ წინასამონიტორინგო ღონისძიებების შესახებ საქართველოში, უკრაინასა და პორტუგალიაში.
შეხვედრაზე აგრეთვე გაკეთდება მოხსენებები თემაზე – ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია ევროპაში, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესაბამისობა წევრ ქყეყნებთან მიმართებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე გაკეთდება მოხსენება თემაზე „ადამიანის უფლებები ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე“.