ჯავახიშვილის ქუჩაზე სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება და მოძრაობა სრულად აღდგება – ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნო.
ავთანდილ სუდაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ უმოკლეს ვადაში დაასრულა სამუშაოების პირველი ეტაპი – კედლის გამაგრება და ხიმინჯების მოწყობა.
„რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება კედლის გამაგრების სამუშაოები. პარალელურად, სერვისის მომწოდებელი ყველა კომპანია დაიწყებს ქსელების მოწესრიგებას, რის შემდეგაც დაიწყება გზის საფარის აღდგენა, მოეწყობა ქვაფენილი. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება და მთლიანად აღდგება მოძრაობა“, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
კომპანია GWP-ის ტექნიკური დირექტორის მოადგილის ომარ გოცირიძის თქმით, დღეიდან იწყება წყალსადენის ძირითადი ქსელის შეცვლა-განახლება. მისივე თქმით, მთლიანობაში შეიცვლება 700 მეტრის სიგრძის ქსელი, განახლდება კანალიზაციის ქსელიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს.
შეგახსენებთ, მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, ყოფილ ელბაქიძეზე, საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა.