მომღერალ ალა პუგაჩოვას შვილიშვილი, კრისტინა ორბაკაიტეს და რუსლან ბაისაროვის ვაჟი – დენი ბაისაროვი ჩეჩნეთში, რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელში კადეტთა კორპუსში სწავლობს. თავად კადიროვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც დენი (კადიროვი მას „ძმისშვილად“ მოიხსენიებს) კადეტთა კორპუსში სწავლის საკუთარი სურვილის შესახებ ყვება. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ყვირის დენი ბაისაროვი: „ალაჰ აკბარ“.
„მე მხარი დავუჭირე მის არჩევანს. ჩვენ ერთად ჩავედით კადეტთა კორპუსში. აღსაზრდელები „ახალგაზრდა მებრძოლს“ ძალიან თბილად შეხვდნენ. თავად დენიმ თქვა, რომ კარგად სწავლას აპირებს, რადგან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ის პირადად მოიყვანა. ჩვენ რუსლან ბაისაროვის ნამდვილი მეგობრები ვართ, ჩვენ ძმები ვართ და ამიტომ მსურს, რომ მისი შვილი საკუთარი მამულის და ხალხის ერთგული, რუსეთის პატრიოტი იყოს“, – აღნიშნა კადიროვმა.