სოსო ცინცაძე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს


ღირსეული ნაბიჯი – ასე აფასებს ექპერტი სოსო ცინცაძე „კვირასთან“ ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ შს მინისტრის პოსტის დატოვების თაობაზე დაწერილ განცხადებას.
ექსპერტის თქმით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის მიერ მორალური პასუხისმგებლობის გრძნობის საფუძველზე პოსტის დატოვების პრეცედენტი დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
“ალექსანდრე ჭიკაიძე მოიქცა ღირსეულად, ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ქართული პოლიტიკის ისტორიაში გვახსოვს ერთეული შემთხვევები, როცა მორალური პასუხისმგებლობის გრძნობის საფუძველზე ძალოვანი უწყების ხელძღვანელი ტოვებს პოსტს. სააკაშვილის ხელისუფლებაში ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლების ძალოვანებს წინ უდებდნენ კომპრომატებს. ამათ იმ გახმაურებულ საქმეებში მათ ბრალეულობასთან დაკავშირებით, არ აწუხებდათ მორალი და კვლავ განაგრძობდნენ თანამდებობაზეც მუშაობას. ჭიკაიძის გადაწყვეტილება კარგი მაგალითია ჩინოვნიკებისთვის“,-განუცხადა “კვირას“ სოსო ცინცაძემ.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ზურა ვაზაგაშვილის
საქმის გამოძიება გაცილებით გამჭვირვალედ უნდა წარმართულიყო, რათა საზოგადოების მხრიდან საგამოძიებო უწყებების თუ ძალოვანი მაღალჩინოსნების მიმართ კითხვები არ გაჩენილიყო.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.
“მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები