„თუ არ მუშაობ, მუზა არასდროს მოვა…“
„ვერ გეტყვი, რომ ჩემთვის სანატრელი პროფესია იყო ბიბლიოთეკარობა. არჩევანი უცხო ენებს მივანიჭე, მაგრამ ვერ ჩავირიცხე. რატომღაც, ცოტა უცნაურ და საინტერესო პროფესიად მომეჩვენა ბიბლიოთეკარობა და ამ მიმართულებით ჩავაბარე. თუმცა, იმედი გამიცრუვდა. განსაკუთრებული არაფერი არ აღმოჩნდა. ვისწავლე, დავამთავრე და არც ერთი დღე არ მიმუშავია ამ პროფესიით, თუ ენგურჰესის ბიბლიოთეკას არ ჩავთვლით, სადაც ჯერ კიდევ უმაღლესში ჩაბარებამდე ვმუშაობდი. წლების განმავლობაში არც მიფიქრია, რომ დავუბრუნდებოდი ჩემს პროფესიას.“ – ბიბლიოთეკათმცოდნე, მხატვარი მაია მაღლაკელიძე.
– თუმცა, დღეს რამდენიმე ადგილზე მუშაობ და, ყველგან ამ მიმართულებით…
-კი, „ბედის ირონია“ მგონია. სამხატვრო აკადემიაში რომ წავედი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემს ცხოვრებას მთლიანად ხელოვნებას მივუძღვნიდი, მაგრამ ცხოვრება რთული და მოულოდნელობებით არის სავსე. თურმე, წინასწარ ვერაფერს ითვალისწინებ. ბიბლიოთეკარად მუშაობა რომ შემომთავაზეს, უმუშევარი ვიყავი და უარი არ მითქვამს. უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო ბაკალავრიატის „ახალ სკოლაში“ ვმუშაობ. გარდა ამისა, ვარ საბიბლიოთეკო ასოციაციის და ხარისხის განვითარების ცენტრში ავტორიზაციის საბჭოს წევრი.
– როგორც ვიცი, „ახალ სკოლას“ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა აქვს…
– უნდა ვთქვა, რომ ძალიან წარმატებული და კარგი, ორი ბიბლიოთეკა გვაქვს. ნახევარი ფონდი ინგლისურენოვანია, ნახევარი – ქართული და 12 ათას ერთეულს შეადგენს. ვატარებთ საინტერესო ღონისძიებებს. თებერვალში გვექნება „წიგნის კვირეული“ და ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. მაგალითად: წიგნების გაცვლა – ბავშვები ერთმანეთს უცვლიან წიგნებს; ღონისძიება „წიგნის გმირები“ – ყველა ბავშვი თავისი საყვარელი გმირის ფორმაში იქნება ჩაცმული; ვიწვევთ მწერლებს, ილუსტრატორებს, გამომცემლობები ყიდიან წიგნებს. ეს კვირეული ყოველთვის დატვირთულია.
გარდა ამისა, ვიწყებთ ახალ პროექტს – „წიგნის კითხვის 15 წუთი“, რაც გულისხმობს იმას, რომ სკოლის ყველა თანამშრომელმა 15 წუთის განმავლობაში წიგნი უნდა წაიკითხოს. ეს პროექტი წლის ბოლომდე, ყოველ პარასკევს განხორციელდება. ამ მეთოდით გვინდა, ბავშვებმა უფრო მეტად შეიყვარონ წიგნი და კითხვა.
– ამ სკოლაში ბავშვებს ასწავლი ხატვასაც…
– სკოლაში ბიბლიოთეკარად დავიწყე მუშაობა, მაგრამ რომ გაიგეს, ვხატავდი, ხატვის საათებიც მომცეს. ძალიან საინტერესოა ბავშვებთან მუშაობა. ისეთ რამეს აკეთებენ, რასაც დიდი ადამიანი ვერასდროს მოიფიქრებს. თვითონ სკოლასაც სწავლის მიმართ განსხვავებული მეთოდი და ფილოსოფია აქვს. შენ ისე ასწავლი, რომ ბავშვები ამას ვერც კი ხვდებიან. მაგალითად, ვეკითხები, რა შეიძლება მოხვდეს მინდვრიდან სუფრამდე? ისინი მპასუხობენ: სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი… მერე, უკვე ვუხსნი, ეს ყველაფერი ერთად რომ დავაწყოთ მაგიდაზე, არის ნატურმოტი. აქედან გამომდინარე, არ ვერევი მათ ფანტაზიაში და მინდა ვთქვა, რომ მათი აზროვნების შედეგად, ბევრი საინტერესო იდეა მომდის.
– და როდის დაიწყე ხატვა?
– ჯერ კიდევ ბიბლიოთეკათმცოდნეობაზე ვსწავლობდი, რომ ხატვის სურვილი გამიჩნდა. სწავლის პარალელურად საპროექტო ინსტიტუტში ვმუშაობდი, სადაც ჩემი უფროსი მერაბ ჩხენკელი იყო – არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც დამეხმარა სამხატვრო აკადემიაში მოსამზადებელ კურსზე მოვხვედრილიყავი. ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი და საბოლოოდ გადავწყვიტე აკადემიაში ჩაბარება. პირველ წელს უბრალოდ გამოცდების სპეციფიკას გავეცანი. სექტემბრიდან ისევ მომზადება დავიწყე და მეორე წელს პირდაპირ მეორე კურსზე ჩავირიცხე, რადგან უმაღლესი სასწავლებელი უკვე დამთავრებული მქონდა. სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი წარმატებით დავამთავრე.
– ფერწერაში მუშაობ…
– ფერწერაშიც ვმუშაობ, მაგრამ, ძირითადად, ბატიკას და გობელინს ვაკეთებ. ბატიკა ფერწერასთან ახლოს არის, განსაკუთრებით ცხელი ბატიკა ფერწერის დონეზე მაქვს. ძალიან რთულია, მუშაობის პროცესშიც კი არ იცი, გამოვა თუ არა ის, რაც ჩაიფიქრე, ან საერთოდ, რა გამოვა. საინტერსოა და თითქოს გამოწვევაც. ცხელი ბატიკისგან მსუყე ფერები გამოდის. ასევე ვაკეთებ ქვილთს, აქსესუარებს, ვკერავ, ვქსოვ, ჩემს უმცროსს შვილთან ერთად კარადებს, მაგიდას, თაროებს… რაც ოჯახში გვჭირდება.
– აქტიურად მონაწილეობ გამოფენებში…
– 1985 წლიდან არაერთ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის იტალიაში, სტრასბურგში, მოსკოვში. ექვსი პერსონალური გამოფენაც მქონდა.
ვთვლი, რომ გამოფენა ყველა მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ცნობადი ხდები და გეძლევა ნამუშევრების გაყიდვის საშუალება, სწავლობ. საკუთარ თავს გარედან უყურებ და ფიქრობ, რა შეიძლება გააკეთო უკეთესი. განსაკუთრებით მიყვარს ჯგუფური გამოფენები. სხვა მხატვრის ნამუშევრებს რომ უყურებ, საკუთარს ადარებ და გრძნობ, სად შეიძლება გამოსწორდე, სად არის შენი სუსტი წერტილი.
გარდა ამისა, გამოფენაზე დარბაზში ნამუშევარი სულ სხვანაირად ჩანს. სახლში ისინი უსუსურად მეჩვენებიან და მრცხვენია კიდეც.
მიყვარს ქართველი დამთვალიერებელიც. კრიტიკულია და მათი შეფასება, უცხოელებისგან განსხვავებით, რეალური. უცხოელებს თითქოს ყველაფერი მოსწონთ. ქართველების უმეტესობას- ყველას კარგი გემოვნება აქვს. სამწუხარო ის არის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ყველაფერს განსაზღვრავს. თუ ქვეყანა მოწესრიგდება და ადამიანებს არ ექნებათ ყოველდღიური სოციალური და ყოფითი პრობლემები, სულიერ მხარეზეც იფიქრებენ. ეს კი მხატვრის მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…
– ჩემს საძინებელ ოთახში ერთი მაგიდა მაქვს და იქ ვმუშაობ. მიყვარს სიწყნარე, სიმშვიდე და მზე. ამ გარემოში ძალიან კარგად ვმუშაობ, მით უმეტეს, მე მუზა არ მჭირდება. მუზა ყოველთვის მაქვს. არ მჯერა, რომ ამბობენ, მუზა არ მაქვს და ვერ ვმუშაობო. მხატვრის მუშაობა ზუსტად ისეა, როგორც ჩვეულებრივი რიგითი გლეხის. მან იცის, რომ უნდა წავიდეს და გათოხნოს. მას მუზა არ სჭირდება. ასეა მხატვარიც. მე მუშაობის პროცესში მომდის მუზა. ხშირად ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს.
მზევინარ ხუციშვილი