თენგიზ ფხალაძე “ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის დადებულ” ხელშეკრულებას ეხმაურება

არ შეიძლება, სამართლებრივ აქტად იყოს განხილული ის, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის, – ამის შესახებ განცხადება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ რუსეთის დუმის მიერ დე ფაქტო აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
“ეს მოსალოდნელი იყო და ამაში, სამწუხაროდ, არაფერი ახალი არ არის. რუსეთის ფედერაცია თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მოქმედებს. ჩვენ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც შესაძლებელია, ვსაუბრობთ საქართველოს ოკუპაციის და უკვე ანექსიის პრობლემატიკაზე, აღნიშნულის დაუშვებლობაზე. სწორედ იმიტომ ვართ გააქტიურებულნი, რომ ვხედავთ საფრთხეს, საკმაოდ ადეკვატურად ვაფასებთ მას და ვცდილობთ, გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც მომავალში მოახდენს აღნიშნულის პრევენციას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, არ შეიძლება, სამართლებრივ აქტად იყოს განხილული ის, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, რატიფიცირებას 441-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ერთმა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ე.წ.მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ერთ-ერთი დებულება ერთიანი შეიარაღებული ძალების შექნასა და საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს. ე.წ. შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ, შეთანხმების თანახმად, ერთ მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები