საჰაერო ძალების სარდლის პოსტზე მერაბიშვილის ხელდასმული სამხედრო მაღალჩინოსანი ინიშნება?

გოდერძი ორმოცაძე: ზურაბ ფოჩხუამ სარდლის თანამდებობაზე ყოფნის დროს 30 ათასი ლარის ოდენობის პრემია მიიღო

საჰაერო თავდაცვის ყოფილი სარდალი, საქართველოს ახლანდელი თავდაცვის ატაშე უკრაინაში ზურაბ ფოჩხუა, სამხედრო სამსახურში ყოფნისას, ბინების, აგარაკის, რესტორნის, ტრაილერის და სხვა ბიზნესების მეპატრონე გახდა, – ამის შესახებ „კვირას“ თადარიგის მაიორმა, მეზენიტე გოდერძი ორმოცაძემ განუცხადა. ორმოცაძის თქმით, თავდაცვის ატაშე დღეს კვლავ საჰაერო ძალების სარდლის პოსტზე განიხილება. მაიორი აცხადებს, რომ ფოჩხუას ბიზნესები და თბილისსა და ფოთში საცხოვრებელი სახლები დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს.
2„კვირამ“ ყოფილი საჰაერო ძალების სარდლის ქონებრივი დეკლარაცია მოიძია. როგორც ფოჩხუას მიერ 2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, სახლი, რომელშიც ის თბილისში ცხოვრობს, შვილის – გიორგი ფოჩხუას სახელზეა, დუშეთში არსებული აგარაკის მეპატრონედ კი მამამისი გივი ფოჩხუა გვევლინება. ამავე დეკლარაციის თანახმად, 2009 წელს ფოჩხუების საკუთრებაში კიდევ ერთი ბინა გაჩნდა, რომელიც საჯარო რეესტრის რეგისტრაციის მიხედვით, 2009 წლის აგვისტოშია შეძენილი და მისი ღირებულება 10 000 დოლარს შეადგენს. ზურაბ ფოჩხუა არც ამ ბინის მეპატრონე აღმოჩნდა, ბინა მეუღლეზე – ქეთევან ფოჩხუაზეა გაფორმებული.
არსებული ინფორმაციით, 2008 წლიდან 2009 წლის ბოლომდე, როდესაც ფოჩხუა საჰაერო ძალების სარდლის პოსტს იკავებდა, მისი ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით, საშუალოდ 2 500 ლარს შეადგენდა, რაც წლის განმავლობაში 30 000 ლარია, თუმცა, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მან წლის განმავლობაში პოსტზე მუშაობის დროს შემოსავლის სახით 30000 -ის ნაცვლად,  66 585.00 ლარი მიიღო. სავარაუდოდ, მას 36 585 ლარი პრემიის სახით აქვს მიღებული. გამოდის, რომ თვეში ხელფასის გარდა, ფოჩხუას სახელზე  3049 ლარის ოდენობის პრემიაა გამოწერილი.
ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ფოჩხუა საჰაერო ძალების სარდლის პოზიციას იკავებდა. გოდერძი ორმოცაძის განცხადებით,  წაგებული ომის შემდეგ ის წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა.
1957577_10201626631929097_864519024_nმაიორი ორმოცაძე ამბობს, რომ გამდიდრებასთან ერთად, ფოჩხუას კარიერაში კიდევ ერთი საჩოთირო დეტალი არსებობს. მისივე თქმით, ფოჩხუას თანამდებობრივი ზრდა და წარმატება მთლიანად ყოფილი შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დამსახურება იყო. როგორც ორმოცაძემ აღნიშნა, ფოჩხუა იმთავითვე მერაბიშვილის კადრი იყო.
„პოლკოვნიკი ზურაბ ფოჩხუა 2005-2008 წლებში სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე იყო, 2008-2009 წლიდან კი საჰაერო თავდაცვის სარდალი გახდა. ბატონ ზურაბს უმაღლესი სამხედრო განათლება არა აქვს. მან 1997-1998 წლებში მხოლოდ მარშალ ჟუკოვის სახელობის საჰაერო თავდაცვის აკადემიასთან არსებული კურსები გაიარა. მას არ ჰქონდა უფლება, დაეკავებინა სარდლის პოსტი, თუმცა დღესაც ამის ამბიცია აქვს და როგორც ამბობენ, მისი დანიშვნა იგეგმება. ფოჩხუას ძალიან ახლო კავშირი ჰქონდა „ნაციონალებთან“, განსაკუთრებით მეგობრული კავშირი კი – ვანო მერაბიშვილთან. ის მერაბიშვილის მიერ კარგად დამუშავებული კადრი იყო. ფოჩხუა და მისი მეგობრები სამხედრო სამსახურში ყოფნისას გამდიდრდნენ. მან და მისმა მეგობრებმა უძრავი ქონება აგვისტოს წაგებული ომის შემდეგ შეიძინეს. ფოჩხუას დეკლარაციაში არც ფოთის და არც თბილისის უძრავი ქონება არ არის მოხსენიებული. ვიცი, რომ ის მეგობრებთან ერთად ასევე ფლობს ტრაილერს და რესტორანს, რომელიც აგრეთვე არ არის აღნიშნული დეკლარაციაში. ზურაბ ფოჩხუას ორი დივიზიონი ჰყავდა – ერთი ფოთში, მეორე კოპიტნარში. ორივე დივიზიონში მას დანიშნული ჰყავდა მისი და მისი მეგობრების – ურიდიების, ფოჩხუების, შენგელიების, ჯიქიების, ცეცხლაძეების საახლობლო. მე ეს ინფორმაცია უკვე მივაწოდე თავადაცვის სამინისტროს. მათ გადაამოწმეს ინფორმაცია, კადრებიდან ეს მონაცემები ამოიღეს და აღმოჩნდა, რომ ყველგან ამ თანამდებობებზე ფოჩხუასა და მისი მეგობრების ნათესავები იყვნენ და არიან. ჯერ მარტო ფოთში დივიზიონის ნაწილის აღდგენაზე იმდენი თანხა იყო გამოყოფილი და ერთი თეთრიც არ მოხმარებია სამხედრო ნაწილს… ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოიკვლიოს, ასეთ კადრებს კი მაღალ სამხედრო პოზიციაზე არ უნდა ნიშნავდნენ “, – განაცხადა გოდერძი ორმოცაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები