კრიზისების მართვის საბჭო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ
ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები განაგრძობენ განსაკუთრებულ რეჟიმში კოორდინირებულ მუშაობას. ადგილებზე შეკრებილები არიან შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროების სხვადასხვა დანაყოფების და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. აღნიშნული მომენტისთვის, სამება – ნინოწმინდის და ნინოწმინდა – წალკის მიმართულებით მიმავალი მანქანებიდან ყველა ადამიანი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ნინოწმინდაში მომზადებულია თავშესაფრები, მომარაგებულია დიზელი და გენერატორები, ასევე პირველადი მოხმარების საგნები, საკვები და გათბობის საშუალებები. ფასანაური – გუდაურის მიმართულებით შენარჩუნებულია ზვავსაშიშროება. ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, გარემოს დაცვის სამინისტრო განახორციელებს ფასანაურ – სტეფანწმინდის მონაკვეთის ხელახალ მონიტორინგს. ბოლო ინფორმაციით, მესტიისა და ლენტეხის მიმართულებით, უსაფრთხოების მიზნით, ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეწყდება.