ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა მიმდინარეობს
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და სამცხე ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე იმყოფებიან.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ხდება თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების ეტაპობრივი გამოყვანა.
აღნიშნულ მაგისტრალზე დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო მოძრაობა შეუძლებელი გასულ ღამეს გახდა.
გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შედეგადაც 200 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოხუცების გამოყვანა მოხერხდა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.