ილია მეორე: აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან უფრო ბედნიერები იქნებიან ისინი, ვიდრე რუსეთთან
მე არაერთხელ მითქვამს, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია და ისევ რუსეთს მიუბრუნდება ეს – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში “მშვიდობით, იარაღო” განაცხადა.
ილია მეორე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
„რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი ქვეყანა მუდამ ცდილობს, კიდევ უფრო მიემატოს ტერიტორიები. ზოგიერთი ქვეყანა დაავადებულია ასეთი სენით, ტერიტორიის სენით და უნდა, რომ მიუმატოს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ უვლის იმ არსებულსაც და მაინც ცდილობს, დაიკავოს სხვისი ტერიტორია”, – განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორე ფიქრობს, რომ უნდა გამოინახოს საერთო ენა, გზები.
უწმინდესის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააანალიზოს მდგომარება და უნდა გამოინახოს გზები, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. “ევროპის ქვეყნები, დემოკრატიული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები 20 წელია გვეუბნებიან, რომ ისინი მხარს გვიჭერენ, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ამიტომ ჩვენ, მათთან ერთად, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ისევ რუსეთს მიუბრუნდება ეს. ასე რომ, ხელისუფლებამ უნდა გააანალიზოს მდგომარება და უნდა გამოვნახოთ გზები, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ხანდახან ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალი. ჩვენ არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამას და ისევ ჩვენთან დაბრუნდება. აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან უფრო ბედნიერები იქნებიან ისინი, ვიდრე რუსეთთან, ასეთ დიდ ქვეყანასთან”, – განაცხადა პატრიარქმა.