უნდა ველოდოთ თუ არა სააკაშვილისთვის ახალი ბრალდების წარდგენას? – რას აცხადებს მთავარი პროკურორი
უნდა ვეოლოდოთ თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალდების წარდგენას? -“კვირის პალიტრის“ ამ კითხვაზე საქართველოს მთავარი პროკურორი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში პასუხობს.
მთავარი პროკურორი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე აქვს წარდგენილი: პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა; გირგვლიანის საქმე; 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევა, ჯარის უკანონოდ გამოყვანა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება, ასევე, საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა.
ბადაშვილის თქმით, პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს. – საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე: პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა; გირგვლიანის საქმე; 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევა, ჯარის უკანონოდ გამოყვანა, ტელეკომპანია „იმედში” შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება, ასევე, საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა გრიფით ,,საიდუმლო” განკარგულებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებასაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო” კანონიერად ვერ მოახერხებდა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების მგზავრობა, სასტუმროებში ცხოვრება, ვიპ-მომსახურება, კოსმეტიკური პროცედურები, კვება, სწავლა, საჩუქრები და სუვენირების შეძენა, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები. ამ გზით სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის გაფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8.837.461,34 ლარი. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საშუალება მიეცა, მიკერძოებულად და არასრულყოფილად გამოეკვლია გირგვლიანის მკვლელობის გარემოებები, დაეფარა დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები. დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, რომელსაც პირადი შურისძიება ამოძრავებდა, ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოყენებით, თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც დეპუტატმა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. რაც შეეხება პატარკაციშვილის საქმეს, როგორც დადგინდა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, ხელისუფლების ყველა შტოს შეთანხმებული და ერთიანი მოქმედებით, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი და მასთან დაახლოებული პირები საინფორმაციო გადაცემების გაკონტროლების მიზნით უკანონოდ დაეუფლნენ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად ღირებულ ტელეკომპანია “იმედს”, ასევე, პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებულ მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების სხვა აქტივებს. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში, ამიტომ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამჟამად მისი ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს პროკურატურამ მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების თაობაზე. ყველა ზემოხსენებული საქმე უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სასამართლოში განსახილველად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს“, – აცხადებს ბადაშვილი.