აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას, აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„დოკუმენტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ვეფხისტყაოსნის დარბაზში წარმოდგენილი, ჩხოტუების საგვარეულოს წარმომადგენლების მიერ საზღვარგარეთ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ორდენები და პირადი ნივთები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად დაათვალიერა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, მინისტრის მრჩეველი მანანა ქვაჩახია, სამინისტროსა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.