სანდრო თვალჭრელიძე: არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გარეშე სრულიად უშედეგო მგონია
“არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გარეშე სრულიად უშედეგო მგონია”,- ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ბოიკოტს აზრი ეკარგება, თუ ოპოზიციის ნაწილი წავა არჩევნებზე, ნაწილი კი – არა.
(“ქართული ოცნება”)
მიხვდა, რომ ძალიან მიქარა პოლიტიკოსების ციხეში ჩასმით. შეეძლოთ მათთვის ამ ბლეფად ქცეული კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის ჯარიმა დაეკისრებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ახლა ცდილობენ ეს როგორმე გამოასწორონ. მაგრამ ისე ცდილობენ, რომ კიდევ უფრო დიდი სისულელეს სჩადიან – ამ ვითომ პრეზიდენტის შეთავაზება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. შეწყალება, როგორც წესი, უპირობოდ ხდება. განცხადებას, მე როგორც მინდა ისე თუ მოიქცევით, შეგიწყალებთო, გარიგებისა და შანტაჟის ნიშნებიც კი აქვს. უკვე არაერთი პრეზიდენტი გვყავდა: შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, ყველა მათგანი გამოსცემდა შეწყალების აქტებს, სადმე გინახავთ, რომ პატიმრებს უყენებდა რომელიმე პირობას? ყაველაშვილმა კი, რა პრეზიდენტიც არის, იმგვარი შეწყალება შესთავაზა.
თურმე უნდა სთხოვონ და თან პირობა დადონ, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, არ ვიცი, რა ჰქვია ამას, სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა. ამით სცადეს დასავლელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევა… ვითარების ისე წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს პოლიტიკოსების ციხეში გაშვება კი არ სურდათ, არამედ იძულებულები გახდნენ, რადგან კანონი ავალდებულებდათ, და ახლა იჩენენ ამ კეთილ ნებას, რომელზეც ოპოზიცია უარს ამბობს. თუ ჰგონიათ, ამას ვინმე დაუჯერებთ, ძალიან ცდებიან. არავითარი რეალური სურვილი იმისა, რომ ოპოზიციამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არა აქვთ. იმავდროულად, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციაში ჩააგდონ შუღლის მარცვალი. იქნება ვიღაც წამოეგოს ამათ შეთავაზებას და დათანხმდეს, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთ დაპირისპირებას გამოიწვევს. კარგია, რომ ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა. ჩემი აზრით, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გარეშე სრულიად უშედეგო მგონია. დაუმორჩილებლობის გამოცხადება კი საქართველოს პირობებში განუხორციელებელია. ამგვარი პროცესი მინახავს საფრანგეთში და ამისთვის საჭიროა ძლიერი პროფკავშირების არსებობა ქვეყანაში.
ხომ გამოცხადდა საქართველოში გაფიცვა, მაგრამ რა გამოვიდა ამისგან? თითქმის არაფერი. არც ერთი საჯარო სტრუქტურა არ გაჩერებულა, არც ტრანსპორტი, არც საკვანძოდ მნიშვნელოვანი წარმოება… მით უფრო ბოიკოტს აზრი ეკარგება, თუ ოპოზიციის ნაწილი წავა არჩევნებზე, ნაწილი კი – არა. გია ხუხაშვილმა თქვა, არჩევნებში მონაწილეობა არაგველების გმირობის ტოლფასი შეიძლება იყოსო, ისინი ხომ მარცხისთვის განწირულ ომს შეეწირნენ, თუმცა პირადად მე სულაც არა მგონია, რომ ბრძოლა ყველგან შეიძლება წინასწარ იყოს წაგებული. მაგალითად, თბილისში, თუ “ლელო” და გახარია მოახერხებენ და შეთანხმდებიან ერთიან და სწორად შერჩეულ კანდიდატზე, თითქმის დარწმუნებული ვარ, კალაძე იქნება თუ ვინმე სხვა ხელისუფლებიდან, დამარცხდება. ვფიქრობ, კანდიდატი უნდა იყოს თბილისში დაბადებული და გაზრდილი; არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული; უნდა იყოს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, მათ შორის პატიოსნებითაც…
ჩემი აზრით, ამგვარი კანდიდატის პოვნა რთული სულაც არ იქნება. ასეთი ერთიანი კანდიდატებით ბრძოლა შეიძლება სხვა დიდ ქალაქებშიც, სადაც ხელისუფლებას ძალიან უჭირს რეიტინგიც და არჩევნების გაყალბებაც. რომ ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობა “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციას ნიშნავსო, ჩემი აზრით, ასე სულაც არ არის. პირიქით, თუ მონაწილეობას მიიღებენ, ცხადია, ხელისუფლებას გამარჯვებისთვის დიდი გაყალბება დასჭირდება, რაც უკვე ადგილებზეც მის სრულ არალეგიტიმურობას წარმოაჩენს. სალაპარაკოც გაცილებით მეტი ექნება ოპოზიციას. სხვა შემთხვევაში, “ქართული ოცნება” მაინც მოახერხებს, რომ საკუთარ სატელიტებს, ვითომ ოპოზიციას მიაღებინოს მონაწილეობა და თავისი გამარჯვება ლეგიტიმურად წარმოადგინოს. მოკლედ, ჩემი აზრით, გახარიას პარტიისა და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია. კარგი იქნება, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც გადახედავენ საკუთარ პოზიციას”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.