მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ პრემიერა გაიმართება
13 და 15 ივლისს, 20 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ პრემიერაა.
თეატრის ინფორმაციით, იდეის ავტორი, რეჟისორი და ქორეოგრაფი – გია მარღანიაა.
სპექტაკლის შესახებ:
„კარმენ სუიტა“ – ბალეტი ერთ მოქმედებად – დაყრდნობილია ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერის „კარმენის“ მუსიკალურ თემებზე. კომპოზიტორმა როდიონ შედრინმა შექმნა ამ ნაწარმოების უნიკალური ორკესტრირებული ვერსია, რომელმაც ბიზეს მუსიკის სილამაზე და ემოციური სიღრმე სრულად შეინარჩუნა.
ბალეტი შეიქმნა ალბერტო ალონსოს ქორეოგრაფიით და ეფუძნება პროსპერ მერიმეს ნოველას „კარმენი“, რომელიც გვიამბობს ქალის თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ვნებასა და გარდაუვალ ტრაგედიაზე.
ისტორია მოგვითხრობს მაცდუნებელ და დაუდგრომელ კარმენზე, რომელიც შეყვარებულია თავისუფლებაზე და უარს ამბობს ერთგულებასა და შეზღუდვებზე. მისი ცეცხლოვანი ხასიათი და დამოუკიდებლობა ტრაგიკულად ეჯახება დონ ხოსეს სიყვარულს – კაცს, რომელიც კარმენის გამო ყველანაირ ზღვარს კვეთს.
ქორეოგრაფი გია მარღანია ქმნის ამ ამბის თანამედროვე ინტერპრეტაციას და ქართველი მსახიობების
მონაწილეობით გვთავაზობს „კარმენის“ ახალ სცენურ ვერსიას“, – აღნიშნულია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემსრულებელნი:
კარმენი – ანკა ვასაძე
ხოსე – ნიკა ნანიტაშვილი
ტორეადორი – ლუკა ჭანიშვილი
კორეხიდორი – მიშა ზაქაიძე
სიკვდილი – ანა თალაკვაძე
უცნობი – გია მარღანია
სცენოგრაფი – გია მარღანია; კოსტიუმების მხატვარი – ხათუნა მაისურაძე; აუდიო-მონტაჟი და მუსიკალური ეფექტები – ზურა გაგლიშვილი; რეჟისორის თანაშემწე – ნინო ჟორჟოლიანი.
მისამართი: მარჯანიშვილის №8.