გიორგი ბადაშვილი: გირგვლიანის საქმის ძიებასთან დაკავშირებით სიახლეები გვაქვს
გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, თუმცა, ეს საქმის მხოლოდ ერთი ეპიზოდია, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ბადაშვილის ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს ოქროყანის ეპიზოდის თემაზე (უშუალოდ, ვინ იმსხვერპლა გირგვლიანი). „ვერ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა. იმის გათვალისწინებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ექვსი წლის შემდეგ განახლდა და ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს და აყალბებდნენ თუ ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ნამდვილად გართულებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება. ამას თან ერთვის ისიც, რომ საქმის მთავარი მოქმედი პირები საქართველოში არ იმყოფებიან, ისინი თავს არიდებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას. მიუხედავად ამისა, გვაქვს სიახლეები. გამოძიება თანამიმდევრულად და საფუძვლიანად იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რათა აღარ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი არ დარჩეს დაუსჯელი, რისი მაგალითიცაა მერაბიშვილისა და ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც“,-აცხადებს ბადაშვილი.