რა შემთხვევაში შეხვდება გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინს?

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს იმ შემთხვევაში, თუ საუბრის თემა დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნება იქნება.
ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისვე თქმით, თუ საუბარი იქნება სხვა საკითხებზე, არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელზეც სხვა პოლიტიკური საკითხები განიხილება
“პრეზიდენტის პასუხი არის იგივე, როგორც რამდენიმე თვის წინ. თუმცა აუცილებელია, იყოს ჩამოყალიბებული დღის წესრიგი. თუკი საუბარი იქნება, უპირველეს ყოვლისა, იმ საკითხზე, რომელზეც იყო დღეს შეკრება და ეს უკავშირდება აფხაზეთს; პრეზიდენტის პასუხი არის იგივე, ეს არის დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნება, აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება და ოსეთთან მოსალოდნელი ხელშეკრულება. თუ ამ საკითხზე იქნება საუბარი, პრეზიდენტი მზად არის. თუ საუბარი იქნება სხვა საკითხებზე, არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელზეც სხვა პოლიტიკური საკითხები განიხილება”, – განაცხადა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული იქნება, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში იხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები