ელგუჯა ხოკრიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც ნარჩენების მართვის კოდექსთან დაკავშირებით, გამკაცრებული სანქციებისა და ჯარიმების შესახებ სიახლეები განიხილა.
სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით – „ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, ჯარიმები და სანქციები გარემოს დაბინძურებაზე მაქსიმალურად მკაცრდება. ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი 5.000 ლარით განისაზღვრება.
კანონპროექტი მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება. ადმინისტრაციული სამართალდაღრვევის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი უფლებამოსილი პირები განახორციელებენ.
კანონპროექტის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ენერგიის აღდგენასა და მათ უსაფრთხო განთავსებას. კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსი” ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში.
კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს.