საქართველოს კონსტიტუციაში ცნება „საპრეზიდენტო პასპორტი“ არ არსებობს
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საპრეზიდენტო პასპორტი“ გაუუქმა, „კვირასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და კონსტიტუციური სასამართლოს ყოფილი თამჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი გამოეხმაურნენ.
ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ცნება – „საპრეზიდენტო პასპორტი” არ არსებობს.
„კანონის თანახმად საქართველოში მოქმედებს სამი ტიპის პასპორტი: საერთო მოქალაქეობრივი, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტი. ამავე კანონის თანახმად, დიპლომატიური პასპორტი ეძელევათ გარკვეული კატეგორიის სახელმწიფო მოხელეებს, მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, დიპლომატებს და კიდევ სხვა წევრებს. ალბათ, უნდა ვივარაუროდოთ, რომ ეს ჰქონდა მხედველობაში მიხეილ სააკაშვილს“, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
როგორც „კვირას“ კონსტიტუციური სასამართლოს ყოფილმა თამჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა განუცხადა, მან ცნება – „საპრეზიდენტო პასპორტი“ პირველად გაიგო და ასეთი რამ საქართველოს კონსტიტუციაში არ წერია.
„კონსტიტუციაში საპრეზიდენტო პასპორტის შესახებ არაფერი წერია. ზოგადად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ჰქონდა დიპლომატიური პასპორტი, რომელსაც ეწერა, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი. არ ვიცი, რა არის საპრეზიდენტო პასპორტი, პირველად მესმის, არ გამიგია, ასეთი რამ არც კონსტიტუციაში და არც კონსტიტუციურ კანონმდებლობაში მცნება – პრეზიდენტის პასპორტი არ გამიგია, არ წამიკითხავს და არ შემხვედრია“, – აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოს ექსპრეზიდენტს დიპლომატიური პასპორტი დღემდე აქვს. მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დიპლომატიური პასპორტით დღემდე სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში ყოფნისას აღნიშნა, რომ მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმა.
“მე ჩამოვედი სტრასბურგში, მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიაში მითხრეს, თურმე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემი საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმებია. თუმცა, კანონით პრეზიდენტს ეკუთვნის მთელი ცხოვრება ეს პასპორტი. აეროპორტის თანამშრომლებმა უბრალოდ გამიღიმეს და მითხრეს – ნუ, რას ვიზამთ, ასეთი მთავრობა გყავთ, შეგიძლიათ, გაიაროთო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.