საია პროკურატურის რეფორმირების სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურის რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფში ჩასართავად მზადყოფნას გამოთქვამს – ამ სიტყვებით ეხმაურება საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პროკურატურის რეფორმირების საკითხს. როგორც კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარგია რომ პროკურატურის რეფორმირებაზე დღეს შედარებით აქტიური საუბარი მიმდინარეობს.
კახა კოჟორიძემ გაიხსენა, რომ ხელისუფლების თავდაპირველ პოზიციას ნათლად წარმოაჩენს პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით 2012 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამა, სადაც ერთ-ერთი პირველი საკითხი პროკურატურის რეფორმირების თემაა.
“პარლამენტის მიერ ოფიციალურად მიღებულ დადგენილებაში ეწერა, რომ პროკურორი არ უნდა ინიშნებოდეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან და მას უნდა ნიშნავდეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი. პროკურატურა არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების რაღაც დანამატი, რათა ის იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ფაქტია, რომ ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ გვაქვს. მაგალითად, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი პრაქტიკამ წარმოაჩინა და დაადასტურა, რომ არის ძალიან არასწორი წესი. ფაქტიურად იუსტიციის მინისტრის მონაწილეობა ამ პროცესში ნომინალურია”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია მთავარი პროკურორის თანამდებობრივი გარანტიების შექმნა. რაც შეეხება საია-ს ჩართვას, უწყების რეფორმირების მიზნით შესაქმნელ სამუშაო ჯგუფში, კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ ცხადია ორგანიზაცია ყველა ფორმას გამოიყენებს, რათა ამ საკითხზე იმუშაოს და ჯგუფის მუშაობაშიც ჩაერთოს.
საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.