გიორგი ბარამიძე ლუგანსკში მებრძოლ ქართველ მოხალისეებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე ლუგანსკის ოლქში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ჩავიდა. ქალაქ შასტიეში ბარამიძე ბატალიონ „აიდარის“ მებრძოლებს და ქართველ მოხალისეებს შეხვდა.
„ქართველებმა ბარამიძეს საქართველოს ის დროშა გადასცეს, რომელმაც მაიდნის ბრძოლები გამოიარა და დღეს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაშიც ჰქონდათ. მებრძოლებმა სთხოვეს ბარამიძეს, დროშა ქართულ მიწაზე ჩაეტანა და მემამულეებისთვის მაიდნის სულის ნაწილი გადაეცა“, – ნათქვამია „აიდარის“ პრესსამსახურის შეტყობინებაში.
ბარამიძემ აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია „ბოევიკების“ სროლის შემდეგ დანგრევის მასშტაბით. საქართველოს გამოცდილების გახსენებისას, ბარამიძემ პარალელი გაავლო რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებულ მასშტაბურ დანგრევებთან.
„საერთო ის არის, რომ მტერი ერთია: პუტინის რუსეთი, რომ პუტინის რუსეთი ჩვენი ტერიტორიების დაპყრობას ცდილობს, ანუ არც საქართველო, არც უკრაინა თავს არავის დაესხა, ჩვენ რუსეთს თავს არ დავესხით. დღეს მე პირადად გავიცანი გმირები, რომლებიც ამ ტერიტორიას იცავენ. ესენი მამაცი ადამიანები არიან და მე მადლიერებას გამოვხატავ ჩემი და ქართველი ერის სახელით. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება“, – აღნიშნა ბარამიძემ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=P7AibLhzehI” width=”560″ height=”315″]