„პროკურატურის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება მოქმედ პროკურორთა მუდმივ გადამზადებაზე ზრუნვა უნდა იყოს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გამოეხმაურა.
როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის პროკურატურის რეფორმირებისა და ამ კუთხით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სიახლეა.
კუბლაშვილის მოსაზრებით, პროკურატურის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება კვალიფიკაციის ამაღლება და მოქმედ პროკურორთა მუდმივ გადამზადებაზე ზრუნვა უნდა იყოს.
“ვერ გეტყვით, რა კუთხით შეიძლება მოხდეს რეფორმირება. პირველ რიგში, რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება აქაც უნდა იყოს კვალიფიკაციის ამაღლება და მოქმედ პროკურორთა მუდმივ გადამზადებაზე ზრუნვა. ეს არის ყველაზე მთავარი, რადგან ძალიან ბევრი რამ იცვლება ჩვენთან და ძალიან სწრაფად. ყველამ ძალიან სწრაფად უნდა აუღოს ალღო იმ ცვლილებებს, რაც მართლმსაჯულების სისტემაში ხდება, რათა სასამართლოში პროცესზე ბრალდებულის უფლებები დაცული იყოს არა მარტო ადვოკატის, არამედ პროკურატურის მხრიდან, როცა მას ბრალს წარუდგენენ და როდესაც მის მიმართ გარკვეულ მტკიცებულებებს იყენებენ, ამიტომ მათი კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადამიანი, რომელიც, მართლაც, დამნაშავეა, შემდეგ მტკიცებულების კარგად წარმოდგენის საფუძველზე სასამართლომ მიიღოს გამამატყუნებელი გადაწყვეტილება. თუკი მათი მომზადება, კვალიფიკაცია იქნება ასეთ უმაღლეს დონეზე, მაშინ სასამართლო მათ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, განაჩენის დასასაბუთებლად კარგად გამოიყენებს “, – განუცხადა ჟურნალისტებს კონსტანტინე კუბლაშვილმა. საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.