“ალექსანდრე კვიტაშვილს ვუსურვებ, იქნებ უკრაინაში მაინც მოახერხოს თავისი იდეების რეალიზება”

ალექსანდრე კვიტაშვილს ვუსურვებ, იქნებ უკრაინაში მაინც მოახერხოს თავისი იდეების რეალიზება, ვინაიდან საქართველოში მინისტრობის დროს ამ დარგს მაინც და მაინც სიკეთე არ დატყობია, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე კვიტაშვილის დამტკიცებას. როგორც უსუფაშვილმა  ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, ნატურალიზაციის გზით მინისტრების შერჩევა უკრაინის მხრიდან გამოცდილების გაზიარების “უცნაური ხერხია”.
“უცხო ქვეყნებიდან მინისტრების მოწვევის პრაქტიკა მაინც და მაინც გავრცელებული არ არის. ჩვენ ვიცით, რომ არის გამოცდილების გაზიარების და მიღების სხვა ხერხები, მათ შორის საქართველოც ძალიან ხშირად მიმართავს ამ ხერხს და ბევრი უცხოელი კონსულტანტი ყოფილა და დღესაც არის საქართველოში. ნატურალიზაციის გზით მინისტრების გამოძებნა, ცოტა არ იყოს უცნაური ხერხია. მე ვიცი ნატურალიზაციის გზით კალათბურთის ეროვნულ გუნდში მიიწვიო ადამიანი და მოქალაქეობა მიანიჭო. რაც შეეხება ქვეყნის მართვას, მას გარდა კომპეტენციისა და უნარ-ჩვევევისა, რაც არ უნდა მაღალი იყოს ამა თუ იმ პირის უნარ-ჩვევა, კიდევ სხვა რამ სჭირდება. ამიტომ საინტერესო და რისკიანი ექსპერიმენტია, რასაც ჩვენი კოლეგა უკრაინელები ატარებენ, მაგრამ მე მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. თუ კვიტაშვილი დაინიშნება ჯანდაცვის მინისტრად, უკრაინელებს ვუსურვებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ნახონ გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემაში. თვითონ ბატონ კვიტაშვილს ვუსურვებ, რომ უკრაინაში მაინც მოახერხოს თავისი იდეების რეალიზება, ვინაიდან საქართველოში მინისტრობის დროს ამ დარგს მაინც და მაინც სიკეთე არ დატყობია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები