16 წლის გოგონა, რომელიც მეტროში სიკვდილს გადაურჩა, თვითმკვლელობის მცდელობის მოტივს ასახელებს
„გოგო ლიანდაგებს შორის იწვა, ჩაღრმავებაში. ეტყობა, როცა მიხვდა, რომ მატარებელი გადუვლიდა, სიკვდილის მაინც შეეშინდა და ლიანდაგებს შორის ჩაღრმავებაში გადაგორდა“, – ღრმაღელის მეტროში მომხდარ შემთხვევის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს. თვითმხილველი, რომელიც მეტროს დაცვის თანამშრომელია, ამბობს, რომ 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა მაშინ სცადა, როდესაც მატარებელი ბაქანზე შემოვიდა. თვითმხილველი ამბობს, რომ თვითმკვლელი გოგონა ლიანდაგებს შორის 5 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, მას მატარებელმა გადაურა და შოკირებული იყო. „გოგო ლიანდაგებს შორის იწვა, – ჩაღრმავებაში. ეტყობა, როცა მიხვდა, რომ მატარებელი გადაუვლიდა, სიკვდილის მაინც შეეშინდა და ლიანდაგებს შორის ჩაღრმავებაში გადაგორდა. ეს ჩაღრავება დაახლოებით ნახევარი მეტრი მაინც არის… გოგო გამხდარი იყო, მატარებლის ძირი ვერ დასწვდა და ამიტომაც გადარჩა. მაგრამ ეს მაინც სასწაულია…5 წუთი უძრავად იწვა; როგორც აღმოჩნდა, შოკისაგან ვერ იღებდა ხმას. როგორია, თავზე მატარებელმა გადაუარა! როცა დავინახე, რომ გაინძრა, გიჟივით ვიყვირე, ცოცხალი ყოფილა-მეთქი! ვუყვიროდი, მატარებელს ვერ დავძრავთ, რამე არ გავნოს, ისევ შენ უნდა იყოჩაღო, გამოძვერიო და გამოძვრა… თითქმის 10 წუთი მოუნდა გამოსვლას, უვნებელი რომ დავინახე, ღმერთს მადლობა შევწირე“, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას მეტროს დაცვის თანამშრომელი. მისი თქმით, როდესაც გოგონა გონს მოვიდა, თვითმკვლელობის მიზეზიც დაასახელა. „გვითხრა, თავს იმიტომ ვიკლავდი, თმები შევიჭერი და სახლში გამიბრაზდნენო. ისე, კაცმა არ იცის, ეს ასე იყო, თუ – არა. ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. უბედურება ის არის, რომ მოზარდებისთვის სიცოცხლე ჩალის ფასია. ნუთუ არ უნდა არსებობდეს რაიმე ფსიქოლოგიური სამსახური, რომ სკოლაში ბავშვებს ამ თემაზე ელაპარაკოს?“, – განაცხადა დაცვის თანამშრომელმა.