Wall street journal-ი საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ სტატიას აქვეყნებს
მოულოდნელმა მოვლენებმა დასავლელი ლიდერები შეაშფოთა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თავის ინტერვიუში, რომ მისი მთავრობა ევროპული არჩევანის ერთგულია,- ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც Wall street journal-ი აქვეყნებს.
გამოცემა საქართველოს მთავრობაში მომხდარ ცვლილებებზე წერს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს იხსენებს.
“ბრიუსელი- 17 ნოემბერი – ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა, რომ რამდენიმე პროევროპელი მინისტრის გადადგომის მიუხედავად, მისი ქვეყანა არ გადაუხვევს დასავლური გზიდან.
ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში, რათა შეხვედროდა ფედერიკა მოდერინის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაურს და ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. ეს მოხდა ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც ბ-ნმა ღარიბაშვილმა გაანთავისუფლა თავდაცვის მინისტრი, რამაც გამოიწვია საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება.
ამ მოულოდნელმა მოვლენებმა შეაშფოთა დასავლელი ლიდერები, თუმცა ბ-ნმა ღარიბაშვილმა განაცხადა თავის ინტერვიუში, რომ მთელი მისი მთავრობა ერთგულია ევროპული არჩევანის და რომ ყოფილი მინისტრების მიერ გამოთქმული უკანასკვნელი შენიშვნები “ძალზე უპასუხისმგებლო” იყო“, – წერს გამოცემა.
Wall street journal-ი თანამდებობიდან წასული მინისტრების მისამართით ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამ სიტყვებს იხსენებს.
“მათ გამოიგონეს ეს იარლიყი, რომ თითქოს ისინი არიან პროდასავლურები, ხოლო სხვები მთავრობაში – არა. ამის თქმა შეურაცხმყოფელიც კი იყო ჩემი მთავრობისათვის, რომ მხოლოდ სამი მინისტრი იყო პროდასავლური ორიენტაციის”, – განაცხადა ბ-ნმა ღარიბაშვილმა.
სტატიის ავტორი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დასავლეთის რეაქციაზეც საუბრობს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, ისინი ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს მოვლენებს შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა დარწმუნდნენ, რომ საქართველო არ გადაუხვევს კანონის უზენაესობის გზას. საქართველომ ახლახან განახორციელა რამდენიმე მაღალჩინოსნის სამართლებრივი დევნა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, რამაც დასავლეთში ზოგიერთის მხრიდან გამოიწვია შეკითხვები, იყო თუ არა ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებული“, – წერს ავტორი.
სტატიაში მოყვანილია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ ახლა უნდა დაგვარწმუნოს დემოკრატიის შესახებ თავისი დაპირებების გულწრფელობაში. ამჟამად, როდესაც ღარიბაშვილს ახალი გუნდი ჰყავს, მას შეუძლია უზრუნველყოს იმის დემონსტრირება, რომ ეს გუნდი თამაშის წესებს არ არღვებს.
“ეს საქმით უნდა დამტკიცდეს,” – თქვა ლინკევიჩუსმა.
Wall street journal-ი რუსეთის ფაქტორსაც არ ივიწყებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ფსონები მაღალია, რადგანაც რუსეთი აძლიერებს ზეწოლას მის პერიფერიებში განლაგებულ ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი საქართველოსა და მოლდოვაზე.
„ევროკავშირმა გააფორმა “ასოცირების ხელშეკრულებები” ზაფხულში უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან, რომელთა მიზანია სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების განმტკიცება ამ ქვეყნებთან, რაც, თავის მხრივ, მოსკოვის აღშფოთებას იწვევს.
საპასუხოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ ის ახორციელებს შეთანხმებას “ალიანსსა და ინტეგრაციასთან“ დაკავშირებით საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან – აფხაზეთთან, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. “ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიის ანექსიისაკენ”, – განაცხადა ბ-ნმა ღარიბაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ის ცდილობს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს რუსეთთან.
მოლდოვაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა ახლახანს სეპარატისტებსა და პრო-მოსკოვური სოციალისტური პარტიის ლიდერებს, რითაც ხაზი გაუსვა რუსეთის ზეგავლენას ქვეყანაში მოლდოვას არჩევნების წინ, რომელიც 30 ნოემბერს იმართება.
ევროკავშირი ცდილობს ასეთი ნაბიჯების თავიდან არიდებას. მაღალი დონის კომიტეტი, რომელიც კოორდინირებას უწევს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, პირველად შეიკრიბა ორშაბათს, ხოლო ევროკავშირის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თავის გეგმებს სავიზო რეჟიმის მოთხოვნების გამარტივების მიმართულებით ორ მხარეს შორის.
ბ-ნი ღარიბაშვილმა და ბ-ნი სტოლტენბერგმა, ნატო-ს მეთაურმა, დაგეგმეს მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გეგმა, რომელიც გაცხადდა სექტემბერში.
ევროკავშირის გაფართოების წარმომადგენელმა იოჰანეს ჰანმა პარასკევს აღნიშნა, რომ მისი ყველაზე დიდი საწუხარი საქართველოსთან დაკავშირებით იყო პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის პერსპექტივა. “მათ უნდა იზრუნონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალედ იხილება გარკვეული სასამართლო საქმეები ,” – თქვა ბ-მა ჰანმა.
ბ-მა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ განახორციელა სასამართლო სისტემის სრული რეფორმირება და ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ თვალყური მიადევნონ ბ-ნი სააკაშვილისა და სხვათა სასამართლო პროცესებს, მათი არჩევანის მიხედვით. “ეს პროცესები სრულიად ღია და გამჭვირვალეა”, – თქვა ბ-მა ღარიბაშვილმა. “თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ ნებისმიერ სასამართლო პროცესს თქვენი კამერების თანხლებით.”
მან დასძინა, რომ მინისტრების თანამდებობებიდან წასვლა გამოწვეული იყო თავდაცვის სამინისტროს კორუფციასთან დაკავშირებული ლეგიტიმური გამოძიებით. როგორც ბ-მა ღარიბაშვილმა განაცხადა, როდესაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არასწორად შეაფასა გამოძიება, ამან სხვა არჩევანი არ დაუტოვა მას, გარდა იმისა, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინა ალასანია. ბ-ნმა ალასანიამ აღნიშნა, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული და მიზანმიმართული იყო პროდასავლურად განწყობილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
ბ-მა ღარიბაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ ის გადალახავდა ევროპის სკეპტიციზმს. თუმცა ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი, როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ საჭიროებდა გადარწმუნებას.
“ეს გადამწყვეტი პერიოდია საქართველოსათვის“, – განაცხადა ბ-ნმა ლინკევიჩუსმა“, – აღნიშნულია სტატიაში.