“აწყობილი ოჯახი დაინგრა” – კაპრალის თვითმკვლელობამ ახლობლებს კითხვები დაუტოვა

31 წლის ლადო ქერდიყოშვილს ოჯახის წევრები სამი დღე ეძებდნენ. კაპრალის ცხედარი გუშინ საღამოს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, მშობლების საცხოვრებელი სახლიდან 300-400 მეტრის დაშორებით, მდინარესთან ახლოს, ჭალების დასახლებაში, თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ხიდისთავის რწმუნებულის ნუგზარ ტლაშაძის ინფორმაციით, ლადო ქერდიყოშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარეს და დღეს დილით სახლში მიასვენეს. მისივე თქმით, ქერდიყოშვილი ოჯახით თბილისში, ხიდისთავში ცხოვრობდა. მშობლებთან უქმეებზე შაბათ-კვირას, 7-8 ნოემბერს ჩამოვიდა.
როგორც „კვირას“ ნუგზარ ტლაშაძემ განუცხადა, ვლადიმერ ქერდიყოშვილი ინგლისურს ეუფლებოდა და ორშაბათს, 10 ნოემბერს კი კურსებზე ხიდისთავიდან უნდა წასულიყო. მისივე თქმით, ის ორშაბათს კურსებზე არ გამოცხადებულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი მე-5 თვეა იმყოფებოდა დათხოვნაში. ვლადიმერ ქერდიყოშვილი მივლინებული იყო ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე. როგორც ტლაშაძე აცხადებს, ქერდიყოშვილი ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს დეკემბრში ასრულებდა და შემდეგ, ლექციები სამხედრო აკადემიის კურსანტებისთვის უნდა წაეკითხა.
„არ ვიცით, რა მოხდა. ოჯახის წევრები გაოგნებულები არიან. აწყობილი ოჯახი დაინგრა. არაფერი აწუხებდა. მუშაობდა, სწავლობდა. თვენახევარში ინგლისური ენის კურსები უნდა დაესრულებინა და შემდეგ კურსანტებისთვის ლექციები წაეკითხა. ფინანსურად არ უჭირდათ, ხიდისთავში ერთ-ერთი დიდებული და თვალსაჩინო ოჯახი იყო. მეუღლეც მუშაობდა. ხიდისთავში მშობლები ჰყავდა, თვითონ კი ოჯახით თბილისში ცხოვრობდა. რა მოხდა, არავინ არაფერი იცის“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ნუგზარ ტლაშაძემ. მისი თქმით, ვლადიმერ ქერდიყოშვილის მეუღლე თბილისში ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა და სამი წლის შვილი, გოგონა დარჩა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ ქერდიყოშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 5 თებერვლიდან ირიცხებოდა. კაპრალს გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებში მხარდამჭერი ბატალიონის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემების ასეულის „ბ“ ტიპის რადიოკავშირების მანქანების ჯგუფის რადიოოპერატორის პოზიცია ეკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
ვლადიმერ ქერდიყოშვილს 16 ნოემბერს ხიდისთავში დაკრძალავენ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები