სამოქალაქო აქტივისტი და მებრძოლი ქალი ერგნეთიდან
ლია ჩლაჩიძე ქალაქ ცხინვალში დაიბადა. პროფესიით ფილოლოგია. ამჟამად ერგნეთში ცხოვრობს და არასამთავრობო ორგანიზაცია „რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრ – „ერგნეთს“ ხელმძღვანელობს.
უმუშევრობა, სოციალური უსამართლობა, ადამიანთა უფლებების დარღვევა – ის საკითხებია, რომლებსაც ქალბატონი ლია ყოველდღიურად ხედავს თავის რეგიონში.
2013 წლიდან ლია ჩლაჩიძე კოალიციის „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის“ აქტიური წევრია.
სურვილი აქვს, რომ პოლიტიკა გახდეს ადამიანური და ჰუმანური. გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალებს ურჩევს, გვერდით გადადონ მორიდება, გამოვიდნენ საოჯახო გარემოდან და თამამად იბრძოლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის.
დაჯილდოებულია მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ და არის იმედის გმირი.
– ყველაზე დიდი ტკივილი…
– ბევრჯერ მეტკინა, ბევრჯერ გავმწარდი, რა აღარ გამოვცადე! ყოველი ჩემი ტკივილი ჩემს საქართველოს უკავშირდება. 1991 წელს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჩემი მეუღლე შეეწირა. გიორგობა დღეს გაღიმებული გავიდა ამ სოფლიდან და „სულეთის’’ საქართველოს შეუერთდა. სრულიად მარტო აღმოვჩნდი სამ შვილთან ერთად იმ არეულ ქვეყანაში. თითქოს გადავაგორე ეს ტრაგედია და ახალი დაგვატყდა თავს, 2008 წლის აგვისტოს ომი და მე ისევ სამ შვილთან ერთად აღმოვჩნდი საომარი მოქმედებების ეპიცენტრში. ძლივს გამოვასწარით სამშვიდობოს… სახლ-კარის გადაწვა რა მოსატანია იმ ტკივილთან, რაც ვაშა-ურას ძახილით „ვიზეიმეთ’’ ომში დამარცხება. რამდენი ჩამოვთვალო?
– დღემდე აფეთქებების და სროლების ხმის ქვეშ გიწევთ ცხოვრება…
– ღამეები არ მძინავს. მთელი ღამე ისვრიან „იქითა მხრიდან“. ისმის აფეთქებების ხმა. დილით, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენიც „გვესტუმრება“ ხოლმე, დაგვათვალიერებს და ნიქოზის მიმართულებით მიიმალება.
რას ისვრიან ამდენს?! რა გაუთავებელი წვრთნები აქვთ, თანაც ღამღამობით, გაუგებარია. თუმცა, არაა გაუგებარი. უზარმაზარი სამხედრო ბაზაა დღეს განლაგებული დიდი ლიახვის ულამაზეს ხეობაში, ქართველების ხილის ბაღებისა თუ ვენახების ადგილას. თვითონ ოსებიც შეწუხებულნი არიან „ხელოვნურად ორგანიზებული“ საბრძოლო მოქმედებების გამო. საქმე ის არის, რომ დიდი ლიახვის ხეობაში, ჯავის მიმართულებით, რამდენიმე სოფლის მიდამოებში განლაგებულია სამხედრო პოლიგონი, სადაც ოსური მოსახლეობა გულგახეთქილია მძლავრი აფეთქებებით. ირღვევა მათი საცხოვრებელი ბინები, ჭურვები ცვივა ბაღ-ბოსტნებში, სოფლის ცენტრში ერთ მოსახლეს სარდაფის კედელი ჩამოეშალა. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს სოფელს მიზანმიმართულად ესვრიანო. როდესაც დიდ გენერალთან დააყენეს საკითხი პოლიგონის გადატანის შესახებ, მას ცინიკურად უთქვამს, ვისვრი, როცა მინდა და სადაც მინდაო. ჩვენ აქ სისხლი დავღვარეთ, გადაგარჩინეთ და ეს მიწა ჩვენია და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო…
კი, დღემდე მესმის სროლების და აფეთქებების ხმა. ამ „მუსიკის’’ ფონზე მიწევს ცხოვრება, ამ ფონზე ყურძენიც დავწურეთ, თათარაც მოვადუღეთ, ჩურჩხელებიც ამოვავლეთ, მსუქან-მსუქნები გამოვიდნენ. მზისფერი….
– დღეს რისი ეშინია ლია ჩლაჩიძეს?
– სროლები და აფეთქებები, მართალი გითხრათ, დღეს უფრო მაშინებს, ვიდრე უწინ, არცაა გასაკვირი. ჩემი სახლიდან ასეულ მეტრში ეკლიანი მავთულხლართებია გაბმული, ხოლო რამდენიმე კილომეტრში რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. მოდი და ნუ შეგეშინდება…
აგვისტოს ომამდე მივეჩვიე ყოველდღიურ, გაუთავებელ კაკაფონიას, მაშინ სიჩუმე მგვრიდა შიშს. რის მეშინია? ჩემი მამის საფლავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პატარა ლიახვის ხეობაში, ჩემს ვანათში დამრჩა. მეშინია, ისე არ ჩავიდე საფლავში, მამის საფლავზე ღირსეულად რომ ვერ მივიდე…
რის მეშინია? დღეს ჩემი უსაყვარლესი, ულამაზესი და უჭკვიანესი გოგონა ვიღაც პირუტყვმა იარაღით მოკლა ცხინვალში, ორ საათში გამაგებინეს. მთელი დღე ვტიროდი. ბედნიერებაა, რომ ამ დიდი ტკივილის ჟამს საზღვარი და მავთულხლართები კი არ გაახსენდა ჭირისუფალს, შენი თანაგრძნობა დასჭირდა, შენ შემოგეხმიანა, ადამიანური ამაღლდა პოლიტიკურზე და უბედურებაა, რომ რაღაც ორ კილომეტრში ვერ მიდიხარ, რომ დაიტირო და გამოემშვიდობო.
– რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრი…
– აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ ერგნეთში დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „რეაბილიტაციის და განვითარების ცენტრი „ერგნეთი’“. რომელიც, ძირითადად, ქალებისა და ბავშვების ომის შემდგომ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ემსახურება. ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გავაკეთეთ დონორებისა და მეგობრების დახმარებით. მარტო ჩვენი საზაფხულო სკოლა-ბანაკი ადგილობრივი ბავშვებისათვის რად ღირს! ბევრ ბავშვს ვაჩუქეთ სიხარული დანგრეულ სოფელში გადარჩენილ დაქირავებულ ბინაში. ამჟამად მიმდინარეობს ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრის რეაბილიტაცია გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს დაფინანსებით. კიდევ ბევრს გავაკეთებთ!
– მაგრამ ცხოვრება გრძელდება…
– კი, ცხოვრება გრძელდება. ცხოვრება უსასრულობაა. მთავარია, როგორ გაივლი. რას და ვის დატოვებს შენს შემდეგ? ვფიქრობ ლია ჩლაჩიძე დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე.
– ცხოვრებას, რომ თავიდან იწყებდეთ…
– რას შევცვლიდი, ცხოვრებას რომ ვიწყებდე თავიდან? არ ვიცი. ყოველთვის ვამბობ: „იყავნ უფალო, ნება შენი“!
– როგორ უყურებთ მომავალს?
– გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მჯერა, აუცილებლად მოინახება გზა და ადამიანები, რომლებიც სწორი მიმართულებით წაიყვანენ ჩვენს ქვეყანას.
– იმედი?
– იმედი? ყველაფერი კარგი ჯერ წინაა. ბევრი საინტერესო რამ გველოდება. მჯერა.
– რამეს დაამატებდით?
– ერთ დილას რომ გავიღვიძე, ფეისბუქზე დავპოსტე, „დილა მშვიდობისა ქალებო! ვინმე ხომ არ გამოგვაკლდა წუხელ?“ შეშფოთდა საფრენდეთი. „ყოველ დილას გადავთვალოთ ერთმანეთიო, მეორემ – არა, ჯობია კაცები დავთვალოთო. ისეთი კაცებიც ხომ არიან, სათვალავში ჩასაგდები რომ არააო…“ აღარ გავაგრძელებ. ჩემი მეგობარი მარინას კომენტარმა, რომელიც ესპანეთშია გადახვეწილი, რომლის მეუღლეც გათიკოევი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთში, გუმისთაზე ბრძოლას შეეწირა – მწარედ დამაფიქრა. „ჩვენი მდგომარეობა ხომ არ ჯობია, ლია-ო“? გული მეტკინა. ვაი ქალებს, რომელთაც მარტოობა, ქვრივობა ურჩევნია გაუთავებელ აყალ-მაყალს, ცემა-ტყეპას, შვილების გამწარებას. ჰოდა, ჩუმდებიან ქალები. დუმილს არჩევენ. თითქოს შეეგუვნენ კიდეც, მაგის გულისთვის ოჯახს ხომ ვერ დავანგრევო. როდემდე დუმილი ქალებო? სამუდამოდ? სიკვდილამდე?
P.S. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდა. აბა, თქვენ იცით კაცებო!
მზევინარ ხუციშვილი